ახალი ამბები

მედიას ესაუბრა კაცი, რომელიც გინტურთან და დოთიაშვილთან ერთად ლომისაზე იმყოფებოდა

9 ნოემბერი, 2023 • 1003
მედიას ესაუბრა კაცი, რომელიც გინტურთან და დოთიაშვილთან ერთად ლომისაზე იმყოფებოდა

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ერთ-ერთი თანასოფლელი, თამაზ პაპიტაშვილი აცხადებს, რომ ლომისის ტაძართან მკვლელობის დღეს სამნი იმყოფებოდნენ: ის, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.

პაპიტაშვილის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ოსურ მედიაში გავრცელდა გინტურის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული ვიდეო:

მან დღეს, 9 ნოემბერს ჟურნალისტებთან გაიხსენა, თუ რა ხდებოდა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე. მისი თქმით, სანამ ლომისის ტაძრამდე ავიდოდნენ, იქვე მდებარე სასაფლაოზე იყვნენ ექვსნი, თუმცა ტაძრამდე საბოლოოდ მხოლოდ სამნი ავიდნენ:

სალოცავს შემოვუარე, ამათმაც შემოუარეს მანქანით, მე ფეხით. მერე მე ცუდად ვიყავი, გადავედი ღობის იქით, ტყეში და რომ გადმოვედი…

[გინტურმა მითხრა] მოდი, რათ გეშინიაო და ერთი ის ვუთხარი, ბიჭო, არ გრცხვენია, სალოცავია, რათ ამტვრევთ მეთქი. ერთი ეგ ვუთხარი, მოვტრიალდი და წამოვედი. აღარაფერი დამინახავს იმის მერე, არც მიმიხედია უკან, რაღას მივიხედავდი, წამოვედი და სოფელში ჩამოვედი…

რუსი რომ დამენახა მე, იქ გამაჩერებდა?! ან მომკლავდა, ან წამიყვანდა. არავინ დამინახავს…

სამნი ვიყავით, ორი იქ დარჩა, მე წამოვედი… გასროლის ხმა, სოფელში რომ ჩამოვედი მაშინ გავიგონე. მერე ავიდა სოფელი [ტაძართან]. ვინ ავიდა და ვინ არა, არ ვიცი”, — იხსენებს პაპიტაშვილი ჟურნალისტებთან და აზუსტებს, რომ სამი გასროლის ხმა გაიგონა.

მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა უკან მიბრუნება გადაწყვიტა, უკვე პოლიცია იყო მობილიზებული.

“რამდენიმე ხნის შემდეგ მანქანა ჩამოაგორეს, რამდენი გადმოვიდა იქიდან, არ ვიცი… მერე ჩვენი სასწრაფო ავიდა და წამოიყვანეს ის ბიჭი”, — ამბობს ის.


6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

ისინი სოფელ კირბალთან მდებარე ლომისის ტაძართან იმყოფებოდნენ. ის ამჟამად საოკუპაციო ხაზს იქითაა მოქცეული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ტაძარში სიარულს მაინც ახერხებდნენ, წელს კი საოკუპაციო ძალებმა შესვლა აუკრძალეს. როგორც კირბლელი გივი გინტური (თამაზ გინტურის ძმა) ნეტგაზეთთან ჰყვება, ტაძრის კარი რუსმა სამხედროებმა 7 ივნისს აჭედეს.

მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ადგილობრივები პოლიციის დახმარებით, ხან კი მათ გარეშეც ახერხებდნენ სასაფლაოსა და ეკლესიაში მისვლას, თუმცა ბოლო სამი წელია ეს განსაკუთრებით გართულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი