დღეს, 18 სექტემბერს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მოსახლეობა ე.წ. პრეზიდენტს ირჩევს.

რუსეთის მოქალაქე კამბოლოვი “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის” კანდიდატად წარადგინეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობისთვის სიმბოლურად ოთხი კანდიდატი იბრძვის: დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი, რომელიც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა; ზურაბ კოკოევი, პარტია „ერთიანობის“ კანდიდატი; მურატ ვალიევი, პარტია „ალანიის პატრიოტების“ კანდიდატი; და ყაზბეკ კოდოევი, რომელიც ასევე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს აქამდე[ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე] რუსეთის მოქალაქე, პუტინის მიერ მხარდაჭერილი მარატ კალამბოვი ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ცვლილებები ცხინვალის პოლიტიკაში მას შემდეგ განხორციელდა, რაც მოსკოვმა და ცხინვალმა 9 მაისს “მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება” გააფორმეს. ამ ხელშეკრულებით სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური თანამდებობების დაკავება რუსეთის მოქალქეებსაც შეუძლიათ.

ცხინვალის პოლიტიკურ წრეებში არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კამბოლოვის წინამორბედი ალან გაგლოევი და მისი გუნდი კრემლმა ფინანსურ ნაწილში არასაკმარისი ნდობის გამო “მოიშორა” და კრემლში მუშაობა სიმბოლურად შესთავაზა.

ვინ არის რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი, რომელსაც მოსკოვი ენდობა?  

რუსული სახელმწიფო მედიასააგენტოების ცნობით, მარატ კამბოლოვი 1965 წლის 2 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთის ირაფის რაიონის სოფელ ხაზნიდონში (დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია) დაიბადა.

მან 1990 წელს დაამთავრა გორსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1995 წელს – რუსეთის მთავრობის სახალხო მეურნეობის აკადემია, ხოლო 1998 წელს – მოსკოვის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტი, იურისტის სპეციალობით.

კამბოლოვი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია. 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სამსახურის აკადემიაში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რუსეთის ფედერაციაში სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციური საქმიანობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეგულირება“.

კარიერა

კამბოლოვი 1984-1986 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1986-1990 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა კომკავშირის (ВЛКСМ) სტრუქტურებში და რაიკომის მეორე მდივნის პოსტიც ეკავა. 1990-1991 წლებში იყო ბიზნეს-თანამშრომლობის ცენტრის გენერალური დირექტორი.

1991-1995 წლებში მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო ანტიმონოპოლიური პოლიტიკის კომიტეტის მთავარ სპეციალისტად.

1995-1997 წლებში ხელმძღვანელობდა განყოფილებას და დეპარტამენტს რუსეთის ეროვნებათა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროში.

1997 წელს დაინიშნა რუსეთის ხალხთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, მოგვიანებით კი, პირველ მოადგილედ. აღნიშნულ ინსტიტუტში 2003 წლამდე საქმიანობდა.

2004-2005 წლებში იყო რუსეთის ფედერალური სააგენტოს მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში ხელმძღვანელის მრჩეველი, ხოლო 2005-2010 წლებში – სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე.

2010-2014 წლებში მუშაობდა რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორად, შემდეგ კი, მინისტრის მოადგილედ.

2014 წელს საქმიანობა გააგრძელა კურჩატოვის ინსტიტუტში, სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა. 2021-2025 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 2025-2026 წლებში – პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობაში

2026 წლის 27 მაისს კამბოლოვი ალან გაგლოევის სახელმწიფო მრჩევლად დაინიშნა. მას დაევალა 2026 წლის 9 მაისს მოსკოვში ხელმოწერილი “სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების” განხორციელების კოორდინაცია.

8 ივნისს გაგლოევმა კამბოლოვის კანდიდატურა დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა.

16 ივნისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა კამბოლოვის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი – სხდომაზე დამსწრე 32-ვე დეპუტატმა მას ხმა მისცა. იმავე დღეს პრეზიდენტმა მისი დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. კამბოლოვმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა ძამბოლატ თადტაევი, რომელიც ამ თანამდებობას 2026 წლის თებერვლიდან იკავებდა.

ჯილდოები

მარატ კამბოლოვი დაჯილდოებულია რუსეთის ფედერაციის მეგობრობის ორდენით (2012) და ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ IV, III და II ხარისხით (2014, 2018 და 2026 წლებში).

რუსეთთან თანამშრომლობა და დემოგრაფიული პრობლემები – კამბოლოვის პრიორიტეტები

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვისას მარატ კამბოლოვმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა მოსახლეობის შემცირებაა”.

მისი თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში “სამხრეთ ოსეთმა მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკარგა, რაც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს”.

კამბოლოვმა ასევე ისაუბრა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების განვითარების გეგმების შესახებ. მისი განცხადებით, იგეგმება თანამშრომლობის გაფართოება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, რათა განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს, ხოლო ჯანდაცვის სისტემისთვის შემუშავდეს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია.

გამოსვლისას კამბოლოვმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო “სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს”.

„ჩვენ გვაკავშირებს საერთო ისტორიული მეხსიერება და საერთო პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. სწორედ რუსეთის გადამწყვეტი მოქმედებების წყალობით იქნა უზრუნველყოფილი ჩვენი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება ყველაზე რთულ პერიოდში“, – განაცხადა კამბოლოვმა.


ე.წ. არჩევნებისთვის სულ 70 საარჩევნო უბანია გახსნილი. დამატებით ოთხი უბანია გახსნილი ჩრდილოეთ ოსეთში და ერთი – მოსკოვში. ოფიციალური ცნობით, სულ 40 ათასი ბიულეტენი დაიბეჭდა.

ცხინვალის ცნობითვე, არჩევნებს 60-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება – “მათ შორის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის ცესკოს წარმომადგენლები, ასევე- დამკვირვებლები ვენესუელიდან, არგენტინიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, აფხაზეთიდან, ბულგარეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან”.

ე.წ. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა. ერთი და იგივე პირი აღნიშნულ თანამდებობას ზედიზედ ორზე მეტი ვადით ვერ დაიკავებს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.