ახალი ამბები

ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილი დღევანდელ განცხადებაში მელიას გულისხმობდა

3 ნოემბერი, 2023 • 3324
ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილი დღევანდელ განცხადებაში მელიას გულისხმობდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას გულისხმობდა, როცა თქვა, რომ შიგნიდან ლანძღვას პარტიიდან გასვლა სჯობს.

„მე რომ ვთქვა ახლა, რომ მელიას არ გულისხმობს-მეთქი, საზოგადოება დამიჯერებს? ცხადია, ამაზე იყო საუბარი“, — განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელიას განცხადებები ემთხვევა „იმედის“, „პოსტივის“ და კობახიძის რიტორიკას.

„ჩვენ გვინდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და არა რაღაცნაირად გაჯიუტება, განაწყენება პირადი ამბიციების გამო. სააკაშვილის განცხადებაც მიუთითებს ერთ რამეზე — ვისაც ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა სურს, მისთვის ენმ-ში ყველა კარი ღიაა, თუმცა ადამიანებს სხვა არჩევანი აქვთ გაკეთებული… ჩვენ რამდენიმე თვეა დიდი მოთმინებით ვცდილობთ, რომ გზას არ ასცდნენ, იქნებ როგორმე მოიფიქრონ და საკუთარი ენერგია ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართონ, მაგრამ ვერ მივაღწიეთ ამ შედეგს“, — განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ნორმალური არ არის, თან გინდოდეს პარტიის წევრობა და თან აგინებდე კობახიძის ენით.

„ან კონკრეტული ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, ან უნდა ეყოს ვაჟკაცობა და შესაბამისი ნაბიჯი გადადგას და მოიქცეს ისე, როგორც მას სურს“, — დასძინა ხაბეიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ, 3 ნოემბრის სასამართლო პროცესზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია“, — თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, გამოეხმაურა ნიკა მელიას მიერ პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის კრიტიკას. მელიას აზრით, ენმ-ში ოლიგარქიული მმართველობაა და ფორმალური თავმჯდომარის უკან რეალურად დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან.

„სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ“ — სააკაშვილი ენმ-ის კრიტიკოსებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი