ახალი ამბები

უფლებას ვიტოვებ, არ დავეთანხმო სააკაშვილს – დოლიძე

3 ნოემბერი, 2023 •
უფლებას ვიტოვებ, არ დავეთანხმო სააკაშვილს – დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ერთ-ერთი თანამოაზრე, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას არ ეთანხმება.

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბრის სასამართლო პროცესზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან, ვინც პარტიას შიგნიდან ლანძღაას, სჯობს, ორგანიზაცია დატოვოს და საკუთარი პოლიტიკური ძალა გააკეთოს.

როგორც ბაჩო დოლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება ვერ დააჩქარებს ნიკა მელიას თანამოაზრეების გეგმებს პარტიის საბოლოოდ დატოვების შესახებ. მისი თქმით, მელია და მისი თანამოაზრეები საკუთარ დღის წესრიგს მიჰყვებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ახალი წლის პერიოდში მიიღებენ.

„გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა დავასრულებთ ყველა იმ შეხვედრას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა იმ შეხვედრის ჩატარება, რომელიც გვქონდა დაგეგმილი, რადგან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოაზრეების აზრი და პოზიცია ამ მიმდინარე საკითხებზე. უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და, შესაბამისად, მივყვებით იმ ხაზს, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა ჩავთვლით საჭიროდ ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად“, – განუცხადა ნეტგაზეთს ბაჩო დოლიძემ.

ამასთან, ბაჩო დოლიძის თქმით, თუკი რამე აზიანებს პარტიას, ეს ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები ნამდვილად არ არიან.

„პარტიას აზიანებს ის უსუსური სვლები და აქტივობები, რასაც დღევანდელი მენეჯმენტი გვთავაზობს. ჩვენ არ ვლანძღავთ პარტიას, რადგან ჩვენ თვითონ ვართ პარტიის ნაწილი. როდის შემდეგ ითვლება კეზერაშვილისა და მერაბიშვილის კრიტიკა პარტიის ლანძღვად, ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

დღეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პატიმარია და რთულია ამაზე საუბარი, რას ხვდება და რას ვერა, რა ინფორმაცია შედის მასთან და რა არა… ამაზე მე შეგნებულად არ ვისაუბრებ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, სწორედ რომ ღირებულია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენს თანამოაზრეებსა და საზოგადოებას სჭირდება გამჭვირვალობა, რეალისტური მიდგომების ჩვენება. განსხვავებული აზრი არასდროს აზიანებს არათუ პარტიას, არამედ არცერთ საქმეს, რადგან ეს არის დემოკრატიის ნაწილი. თუ ვინმეს დემოკრატიაზე უარის თქმა უნდა, არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს.

უფლებას ვიტოვებ, რომ ამ შემთხვევაში არ დავეთანხმო, რადგან პარტიაში დღეს პრობლემა არ არის ჩვენი ყოფნა. პარტიაში პრობლემა არის ის პოლიტიკური ვითარება და კონფიგურაცია, რაც მის სათავეშია“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ, 3 ნოემბრის სასამართლო პროცესზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, ის არის ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. მისი თქმით, „პატარ-პატარა ნაკადულები“ საბოლოოდ მაინც „ერთ მდინარეში შეერწყმება“.

სააკაშვილის თქმით, თავად რჩება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თუმცა აბსოლუტურად გახსნილია ყველას მიმართ, რადგან ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.

მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა სავარაუდოდ, გამოეხმაურა ნიკა მელიას მიერ პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის კრიტიკას. მელიას აზრით, ენმ-ში ოლიგარქიული მმართველობაა და ფორმალური თავმჯდომარის უკან რეალურად დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი