ახალი ამბები

სააკაშვილის Facebook-იდან წაიშალა პოსტი, სადაც მელიას აქებდა

7 ნოემბერი, 2023 • 1198
სააკაშვილის Facebook-იდან  წაიშალა პოსტი, სადაც მელიას აქებდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდიდან წაიშალა პოსტი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აქებდა.

საუბარია 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც სააკაშვილი წერდა, რომ ღრმა წარმოდგენისაა ნიკა მელიას დამსახურებასა და მის შესაძლებლობაზე. პოსტის თანახმად, სააკაშვილი ამით მიმართავდა მათ, ვინც მისი ბოლო გამოსვლა ნიკა მელიასა და მისი გუნდის კრიტიკად აღიქვა.

კერძოდ, 3 ნოემბრის სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან, ვინც პარტიას შიგნიდან ლანძღავს, სჯობს, ორგანიზაცია დატოვოს და საკუთარი პოლიტიკური პარტია გააკეთოს. ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა კი თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებაში ნიკა მელიას გულისხმობდა.

თუმცა დღეს, 7 ნოემბერს, პოსტი, რომელიც ნიკა მელიას უკავშირდებოდა, მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე აღარ იძებნება. ამ ფაქტს გამოეხმაურა თავად ნიკა მელიაც. მან პოსტის წაშლას „უცნაური და უცაბედი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იმ ხალხმა გააკეთა, ვინც ამტკიცებს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არაა.

„მე მრავალჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ტყვეობაში მყოფი ადამიანის პოსტებზე, პოზიციებსა და შეფასებებზე არ გავაკეთებ კომენტარს… თუმცა გავაკეთებ კომენტარს მათზე, ვინც პატიმრის სახელსა და რეპუტაციას ეფარება, ვიწრომერკანტილური ინტერესისთვის იყენებს, ერთ დღეს ამბობს – აი, მიშამ თქვა და წადი, მეორე დღეს კი აშანტაჟებს, ემუქრება და ულტიმატუმს უყენებს, როდესაც მისი პოზიცია არ მოსწონს. ამას აკეთებს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ბრიფინგის სახით.
ვნახეთ თავმჯდომარის შანტაჟის ტონში ფორმულირებული მოთხოვნა.

და უცნაურად და უცაბედად, ფეისბუქიდან ქრება მათთვის “არმოსაწონი პოსტი”. ამას აკეთებს ხალხი, ვინც თვეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არ არის არაფორმალური მმართველობა პარტიაში. ამას აკეთებს ხალხი, რომელსაც ერთი კვიპროსული ხელი მართავს, მათ მესიჯსა და მოთხოვნას აყალიბებს.

ამით კი, პირველ რიგში, მიშას რეპუტაციას აზიანებს, მის სიტყვას ფასს უკარგავს“, – წერს მელია Facebook-ზე.

მელიას თქმით, სააკაშვილი აუცილებლად იქნება თავისუფალი და „აუცილებლად გულწრფელად და თამამად ჩახედავს მას თვალებში“.

„მანამდე კი „ოცნებასთან“ ბრძოლაა მოსაგები, გამარჯვების რწმენით, სიმართლითა და ღირსებით – ეს ბრძოლა უკმოპრომისობითაა მოსაგები და არა მორალური კომპრომისებით დასუსტებული პოზიციით, რაზეც პარტიის მენეჯმემტი არა მხოლოდ თავად მიდის, არამედ სხვისგანაც იმავეს მოითხოვს“, – წერს მელია Facebook-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი