საზოგადოება

„ოცნების“ წევრმა ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეუარაცხყოფა მიაყენა

31 ოქტომბერი, 2023 • 2811
„ოცნების“ წევრმა ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეუარაცხყოფა მიაყენა

„უსინდისო, სამარცხვინო მატყუარა და უღირსი ადამიანი“, – ამ სიტყვებით მოიხსენია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბერაიას თქმით, აქუბარდია მმართველი გუნდის წევრებს მიზანმიმართულად უვრცელებს დეზინფორმაციას.

„ჯერ იყო და ის თქვა, თურმე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ, რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მან კარგად იცის. იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო.

ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე. როდესაც ანგარიშებსა და რეზოლუციებში ჩემი არაერთი შენიშვნა და შესწორება ყოფილა ინიციირებული და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, შოპინგზე იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. არასდროს მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ბერაიამ აქუბარდია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს მარია ზახაროვას შეადარა და განაცხადა, რომ ზახაროვას მსგავსად, ისიც დეზინფორმაციის წყაროა.

ბერაიას თქმით, აქუბარდიას, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, არათუ ეს თანამდებობა უნდა ეკავოს, არამედ კომიტეტთან მიახლოების საშუალებაც არ უნდა ჰქონდეს.

„არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მე გეტყვით რეალურ მიზეზს. აქ არ არის სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრი ან ოკუპაციაზე წუხილი. რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ბოლო 1 წელია ჩვენს კომიტეტსაც და მეც მომიხსენიებს არცთუ ისე სახარბიელოდ, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმის დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან „სელფების“ გადაღების და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის და გაშხლართვის საშუალება. ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ირაკლი ბერაიას სიტყვას წინ უძღოდა პარლამენტში თეონა აქუბარდიას გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსებასთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტზე, რომლის მხარდაჭერასაც „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

რაც შეეხება თეონა აქუბარდიას, ის ირაკლი ბერაიას გამოსვლას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. აქუბარდიას თქმით, ბერაია და „ქართული ოცნება“ სუს-ის მეთოდებით მის დაშინებას და გაჩუმებას ცდილობენ, თუმცა ეს არ გამოუვათ.

„ის, რაც „ოცნების“ კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩეს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ, როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია „ოცნებას“ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. ამას ალბათ გაგრძელებაც მოჰყვება, მაგრამ სუს-ს და ოცნება-ს ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!“ – აცხადებს აქუბარდია.

ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არ გამიჯვნია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიას, რომელიც დეპუტატს შეურაცხყოფას აყენებდა, სიტყვით გამოსვლის დრო გაუგრძელა. პაპუაშვილი ანალოგიურად მოიქცა დღეს, როცა ასევე უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატ ქალს, ანი წითლიძეს სექსისტური შეურაცხყოფა მიაყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი