ახალი ამბები

წითლიძემ ღუდუშაურს პარლამენტში დებილი უწოდა, მან ქალ დეპუტატს სექსისტური ფრაზით უპასუხა

31 ოქტომბერი, 2023 • 2655
წითლიძემ ღუდუშაურს პარლამენტში დებილი უწოდა, მან ქალ დეპუტატს სექსისტური ფრაზით უპასუხა

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ანი წითლიძეს სექსისტური და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ალუდა ღუდუშაური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ის წევრებზე საუბრობდა. მან სააკაშვილს ღირსებისა და მორალისგან დაცლილი უწოდა, რა დროსაც წითლიძემ მას დაუძახა – “დებილი ხარ”. წითლიძის ამ დისკრიმინაციულ რეპლიკას ღირსების შემლახავი და სექსისტური ფრაზებით უპასუხა ღუდუშაურმა.

“შენ ხარ ბანძი, შენ ხარ ბანძი ადამიანი. ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ. არ გეტყვი იმას … იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა. დაწყნარდი ეხლა, წადი ეხლა აქედან, რა, წადი, შე ბანძო, გაიარე, რა … ფარჩაკი, ბანძი”, – ასე მიმართავდა ღუდუშაური წითლიძეს.

დეპუტატების შეურაცხმყოფელ მიმართვებს არ გამოხმაურებია სხდომის წამყვანი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მან ალუდა ღუდუშაურს საუბრისთვის დრო დაუმატა.

მომხდარს ანი წითლიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა.

“ამას ჰგონია შეურაცხყოფა მომაყენა ამ მიმართვით.
პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ესმის ეს შეურაცხყოფები და მიკროფონს არ უთიშავს, არამედ აგრძელებინებს ლანძღვა-გინებას – მერე ნუ გაუკვირდება ალუდას, ერთ მშვენიერ დღეს წითელი საღებავი რომ შეესხას სახეში.
სულ მანდატურები ვერ უშველიან.
ალალი იყოს ის სახელი, რის გამოც გადაფსიხდი ჩემო ალუდა და ზედგამოჭრილია შენზე (დებილს არ ვგულისხმობ, თვითონ იცის))”, – წერს წითლიძე.

საქართველოს პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელი და სექსისტური მიმართვები უცხო არ არის. აქამდეც არაერთი დეპუტატი ქალისთვის მიუყენებიათ შეურაცხყოფა კოლეგა კაცებს. უფრო მეტიც, შალვა პაპუაშვილმა 2021 წელს ენმ-ის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ტრიბუნიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი