ახალი ამბები

სააკაშვილი ხმების დათვლის ელექტრონულ სისტემას გაყალბების მექანიზს უწოდებს

27 ოქტომბერი, 2023 • 1235
სააკაშვილი ხმების დათვლის ელექტრონულ სისტემას გაყალბების მექანიზს უწოდებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს, პროცესზე დისტანციურად ჩაერთო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ხედვა გააცნო. მისი თქმით, შემდეგი არჩევნები საქართველოს ისტორიაში, 1990 წლის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია.

როგორც ის ამბობს, ხელისუფლებას არჩევნები წინასწარ აქვს გაყალბებული ელექტრონული საარჩევნო სისტემის წყალობით.

ამიტომ, სააკაშვილის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია კოორდინირებული იყოს და „ერთმანეთზე შეტევებს თავი დაანებონ“. თუმცა, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ პარტიაში იყოს.

„ეს არის დაახლოებით ის, რაც რუსეთშია, პუტინმა რაც შემოიღო. მეგობრებო, ერთი კაცი შუშის სასახლეში გადაწყვეტს, დაურეკავს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ეტყვის, რამდენი პროცენტი უნდა დაჯდეს. შემდეგ, რაც არ უნდა ვთვალოთ, არაფერს აზრი აღარ ექნება. მათ არჩევნები წინასწარ აქვთ გაყალბებული, გადაწყვიტეს, რომ აღარ გარისკონ.

ამ სისტემის შეცვლას ერთად უნდა მივაღწიოთ. ჩვენ არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა, რომ ერთმანეთთან დავაქორწინოთ სხვადასხვა პარტია, პოლიტიკური ჯგუფი თუ პიროვნება, ვინც პოლიტიკაშია. ჩვენ გვჭირდება, რომ ამ სისტემის შეცვლას ერთობლივი ქმედებებით მივაღწიოთ. მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირმა არჩევნების მონიტორინგი მოახდინოს და ხმების დათვლაში პირდაპირი მონაწილეობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, აპირებს, რომ აქტიურად იყოს ჩართული „საქართველოს გადარჩენის პროცესში“. მან უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებზე, წინასთან შედარებით, 10-ჯერ მეტი ამომრჩევლის მიყვანა უნდა შეძლონ.

„ჩვენ ამ არჩევნებზე უნდა მოვიყვანოთ 10-ჯერ მეტი ამომრჩეველი, ვიდრე წინა არჩევნებზე […] ჩვენ ევროკავშირს უნდა მივმართოთ თხოვნით, იმედია, სტატუსს მოგვცემენ და თუნდაც ამ სტატუსიდან გამომდინარე გაგვიხსნან ახალი საარჩევნო უბნები, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს ჰქონდეთ საშუალება, მივიდნენ და მისცენ ხმა. ამის გარეშე არაფერი გამოვა. ეს მრავალი ათასი ხმაა და ძალიან კარგად იცით ამ ხალხის განწყობა. ამიტომაც მთავრობა შეეცდება, რომ ის ხალხი, ვინც მასზე არაა დამოკიდებული ააიპ-ებით და სსიპ-ებით და ათასგვარი დაშინების აპარატით, არ მიუშვას არჩევნებზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ელექტრონული რეგისტრაციისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატები დახვდება, ასევე იცვლება ბიულეტენი და მისი ყუთში მოთავსების წესი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი