საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ კანონპროექტი მოამზადა, რომლითაც სკოლის დირექტორის არჩევისას ფართოვდება სკოლის სამეურვეო საბჭოს როლი.
როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, „ზოგადი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონში შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, თუ სკოლების სამეურვეო საბჭო განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილ არცერთ კანდიდატს არ აირჩევს, სამინისტრო ჩაატარებს ახალ კონკურს; სამეურვეო საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში კი მინისტრი უფლებამოსილი იქნება, დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება ახალი დირექტორის არჩევამდე.
მისი თქმით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში სამინისტროს არ შეეძლება, სამეურვეო საბჭოს განმეორებით წარუდგინოს ასარჩევად ან დირექტორად დანიშნოს პირი, რომელიც მიმდინარე არჩევნებში არ აირჩია სამეურვეო საბჭომ.
„დღეს მოქმედი რედაქციით სამეურვეო საბჭოები სკოლის დირექტორთა არჩევისას ფორმალურ როლს ასრულებენ. როცა მათ სამინისტრო წარუდგენს დირექტორობის კანდიდატს ასარჩევად, არარჩევის ან ვერ არჩევის შემთხვევაში დირექტორს მინისტრი ნიშნავს. ფაქტობრივად, თუ საბჭო სამინისტროსთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, დირექტორის დამნიშნავ პირად მინისტრი გვევლინება, რაც აზრს უკარგავს სამეურვეო საბჭოს ჩართულობას და ამ პროცესს ხდის ფორმალურს“, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის თქმით, მიზანშეწონილია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დროულად იქნეს მიღებული, რადგან დირექტორების არჩევის პროცესი სკოლებში ახლა მიმდინარეობს.
ასევე, გარდა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა, „ევროოპტიმისტები“ პარლამენტში არეგისტრირებენ პროექტს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ, რომლითაც სკოლის დირექტორებს, მათ მოადგილეებსა და მასწავლებლებს შეეზღუდებათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის უფლება.
„ევროოპტიმისტების“ განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების რისკების შემცირებასა და განათლების სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას.