საზოგადოება

ვის და ვის შორის მიმდინარეობს ოპოზიციაში მოლაპარაკებები გაერთიანებაზე

6 მარტი, 2024 • 2017
ვის და ვის შორის მიმდინარეობს ოპოზიციაში მოლაპარაკებები გაერთიანებაზე

რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ახალი პოლიტიკური გუნდის წარდგენამდე პარტიის საარჩევნო ნომერი, ოთხიანი, დაასახელა.

უკვე რამდენიმე თვეა ნიკა მელია ახალი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციას აანონსებს, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი მიზეზი „მთავარი არხის“ ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან კონსულტაციებია.

მელიაც და გვარამიაც ადასტურებენ, რომ მათ შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.

გვარამიას გუნდში ადასტურებენ იმასაც, რომ ნიკა მელიას გარდა, მოლაპარაკებები სხვებთანაც აქვთ.

პარტიის შექმნამდე დასახელებული საარჩევნო ნომერი 

ნიკა მელიას განცხადებით, მის მიერ დაანონსებულ პარტიას საარჩევნო ნომერი  ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ დაუთმო. აღნიშნული ნომერი პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ამჟამად კი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.

თავად მაჭუტაძეს საარჩევნო ნომრის საკითხზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. მასთან დაკავშირება ნეტგაზეთმა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი თანაგუნდელი, ბაჩო დოლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ საარჩევნო ნომერზე მოლაპარაკება რამდენიმე პარტიასთან  ჰქონდათ.

„მთავარი იყო, რომ იმ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომლებიც აღარ აპირებენ მონაწილეობას არჩევნებში, თუ იქნებოდა ნომრის დათმობის მზაობა… სხვა შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ უნდა დავლოდებოდით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს გააჭიანურებდა და ზაფხულის შუა რიცხვებში თუ მოგვანიჭებდნენ საარჩევნო ნომერს. შემდგომ ეს ცნობადობის და ამ ნომრის ჩვენთან იდენტიფიცირების თვალსაზრისით ძალიან პრობლემური იქნებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხი, რომელიც ჩვენ გადავჭერით“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ამასთან, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ნიკა მაჭუტაძემ საარჩევნო ნომერი დათქმებისა და წინაპირობების გარეშე გადასცა.

კითხვაზე, თავად მელიამ ხომ არ შესთავაზა მაჭუტაძეს მის გუნდში ყოფნა, დოლიძე პასუხობს:

„სულ რამდენიმე დღეში უკვე იქნება გუნდის სასტარტო შემადგენლობის პრეზენტაცია და ყველა ვნახავთ. შესაბამისად, ამ კითხვასაც პასუხი გაეცემა“.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ერთი პარტიის მიერ მეორე პარტიისათვის საარჩევნო ნომრის დათმობის ან გადაცემის პროცედურა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

კანონის მიხედვით, ახალდაფუძნებულ პარტიებს, რომელთაც მანამდე არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, საარჩევნო ნომერი წილისყრით ენიჭებათ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა.  პარტიას კი, რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობდა და დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა, უფლება აქვს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მინიჭებული ნომერი დაიტოვოს.

შესაბამისად, თუ მელიას მაჭუტაძის პარტიის საარჩევნო ნომერი სურს, მას პარტიაც უნდა დაუთმონ და შემდეგ სახელი გადაარქვას.

„ზოგადად, პოლიტიკური გაერთიანების სახელის ცვლილება შესაძლებელია. ჩვენ იმის მიხედვით დავარეგისტრირებთ, რა დოკუმენტებსაც მოიტანს პოლიტიკური გაერთიანება და რა სახელწოდებაც იქნება ამონაწერში. [წინა არჩევნებში მონაწილე პარტია] ნომრის განსაზღვრის იმავე წესით და უფლებამოსილებით ისარგებლებს, როგორც ძველი სახელით ჰქონდა. სახელის ცვლილება ნომრის მინიჭების წესთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებას არ იწვევს“, – აცხადებს გიორგი სანტურიანი.

ვინ გაერთიანდება

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია ნიკა მელიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და აცხადებს, რომ „სამომავლო გეგმებს დიდი ხნით“ მელიას გუნდთან სახავს, ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა მათი საარჩევნო ნომერიც ოთხიანი.

როგორც ნიკა გვარამიას თანაგუნდელი ნოდარ ჩაჩანიძე ნეტგაზეთთან ამბობს, ეს საკითხი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი, როცა უკვე გაერთიანებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ვარაუდობენ.

„თითქმის ყველასთან მიდის მოლაპარაკება, არა მარტო ნიკა მელიასთან. მათ შორის „გირჩი-მეტი თავისუფლებასა“ და „დროასთანაც“. მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 1 კვირაში უკვე იქნება პირველადი მონახაზი. არ ვიცი, რამხელა ერთობა იქნება, მაგრამ ერთ კვირაში იქნება საწყისი ეტაპი იმ გაერთიანების, რომელიც შესაძლოა შეიქმნას. გვაქვს ამის იმედი, რომ ასე იქნება“, – აცხადებს ნოდარ ჩაჩანიძე.

ჩაჩანიძე პარტიის ოფიციალურად დაფუძნებამდე თავს იკავებს დაფინანსების წყაროებზე საუბრისგანაც.

რაც შეეხება ნიკა მელიას გუნდს, ბაჩო დოლიძეც ვარაუდობს, რომ მომავალი კვირისთვის უკვე პრეზენტაცია ექნებათ. მისი თქმით,  გაერთიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში არის საკითხები, რომლებზეც უკვე შეთანხმებები არის, თუმცა ზოგიერთი საკითხი კვლავ ღიაა. რა საკითხებზე გრძელდება მოლაპარაკება, დოლიძე არ აკონკრეტებს.

„ბევრი საკითხი არის განსახილველი. მთავარი გუნდის დაანონსება კი არ არის, მთავარია, რას ვაკეთებთ მეორე დღიდან. შესაბამისად, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. საბოლოო ჯამში, როგორ იერსახეს პოვებს ეს გაერთიანება და პოლიტიკური სუბიექტი, ამას ყველანი დავინახავთ. კონფიგურაციაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, რთული პროცესია და ბევრი დეტალია გასავლელი. საკითხები წყდება ყოველდღიურად.  მე ვფიქრობ, ახლა რა კონდიციასა და ნიშნულზეც ვართ, ძალიან კარგი ტემპით მივდივართ“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანებაზე კონსულტაციებში მონაწილეობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე. ის ნეტგაზეთთან ადასტურებს, რომ თავს აღნიშნულ გაერთიანებაში მოიაზრებს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მე  პირადად ვმონაწილეობ ამ კონსულტაციებში. მოლაპარაკებები ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ კვირაში და იმედი მაქვს, რომ კვირის ბოლოს უკვე დასრულდება.  თუ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, რა თქმა უნდა, ამ გაერთიანებაში [მოვიაზრებ თავს]“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

„ევროოპტიმისტების“ კიდევ ერთი წევრი რომან გოცირიძე კი, მანამ, სანამ გაერთიანება არ მოხდება, ამ თემაზე არ საუბრობს.

ნიკა გვარამიასთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბრებს ადასტურებენ ელენე ხოშტარიას პარტია „დროაში“, რომელიც, თავის მხრივ, „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ არის გაერთიანებული.

თუმცა, როგორც „დროას“ წევრი გიგა ლემონჯავა ნეტგაზეთთან ამბობს, მსგავსი კონსულტაციები ნიკა მელიასთან არ ჰქონია.

„მე პირადად მელიასთან არავითარი კონსულტაცია არ მქონია, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა პოლიტიკოსთან, პოლიტიკურ პარტიასთან და ჯგუფთან შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით. ეს არის მუდმივი პროცესი. გვარამიასთან საუბრები შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით გვქონია და ასევე სხვებთან“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

გიგა ლემონჯავას თქმით, მის პარტიაში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, მინიმუმ ერთი ძლიერი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი უნდა არსებობდეს.

როგორც ლემონჯავა ამბობს, იმისთვის, რომ პროდასავლური ხმები  არ დაიკარგოს, სასურველია, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთობაზე კიდევ უფრო მასშტაბური გაერთიანება შეიქმნას ოპოზიციურ ფლანგზე.

„აქ საუბარი შეიძლება იყოს „ლელოზე“, შეიძლება იყოს ნიკა გვარამიას პარტიაზე, როდესაც შეიქმნება, შეიძლება იყოს სხვა პროდასავლურ პარტიებზე. გაერთიანება არ არის მარტივი პროცესი, საკმაოდ რთულია. ეს გულისხმობს ხედვების და ტაქტიკების შეთანხმებას. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ ასეთი მოლაპარაკებებისთვის.

მე მიმაჩნია, რომ ასეთი ტაქტიკური და საოპერაციო საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ნომერი ან მსგავსი ტიპის საკითხები, მეორეხარისხოვანია. პირველ რიგში საჭიროა გააზრება, რომ დიდი ოპოზიციური ერთობის გარეშე ივანიშვილის დამარცხება საკმაოდ რთული იქნება. ამ გააზრებით ვუდგებით ჩვენ პროცესს და არა საარჩევნო ნომრების და ცხრილების მიზანშეწონილობით“, – აცხადებს გიგა ლემონჯავა.

რაც შეეხება „გირჩი-მეტი თავისუფლებას“, პარტიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ კომუნიკაცია ყველასთან აქვთ, თუმცა არანაირ გაერთიანებაზე გვარამიასა და მელიასთან ჯერ საუბარი არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი