პალესტინის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შტაიემ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ისრაელის ბრმა მხარდაჭერა მკვლელობის ლიცენზიაა”. ამით ის ირიბად გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებებს, რომლითაც ჯო ბაიდენმა ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს.
“ისრაელი არ დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. მე ვფიქრობ, რომ თეთრმა სახლმა უნდა მოუწოდოს მხარეებს, დასხდნენ და ერთად იმუშაონ მშვიდობიანი გამოსავლის საპოვნელად”, – განაცხადა მოჰამედ შტაიემ.
ჟურნალისტის კითხვას, გმობს თუ არა 7 ოქტომბერს, “ჰამასის” თავდასხმას მუსიკალურ ფესტივალსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, პალესტინის პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა:
“პალესტინელების ისტორია არ იწყება 7 ოქტომბერს. პალესტინელების კატასტროფა 75 წელია მიმდინარეობს. ჩვენ ვტიროდით ხმამაღლა, ვყვიროდით ხმამაღლა, რომ გამოსავალი გვჭირდება”.
მოჰამედ შტაიეს თქმით, მსოფლიო ლიდერებმა მწვანე შუქი აუნთეს ისრაელს ღაზაზე შეტევის გასაგრძელებლად.
“საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა იყოს მშვიდობისკენ და არა აგრესიისკენ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ უნდა დაიგმოს ყველა ყველა მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა.
21 ოქტომბერს, კაიროში სამშვიდობო სამიტი გაიმართა. სამიტის მიზანი იყო რეგიონის უსაფრთხოებაზე მსჯელობა, რაც, პირველ რიგში, პალესტინის საკითხის გადაწყვეტას გულისხმობს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორ დასავლეთის, ისე 10-ზე მეტი არაბული ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებმა. აღსანიშნავია, რომ სამიტში მონაწილეობას მიუღიათ აშშ-ს, ისრაელისა და ირანის ლიდერებს.
7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა [„ცაჰალი“] დაიწყეს ღაზის სექტორის დაბომბვა და უკანასკნელი ცნობებით, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებიან. ამ ეტაპზე ცნობილია 2670-ზე მეტ დაღუპულ პალესტინელზე. 1400-ზე მეტი პირი დაიღუპა ისრაელში. „ცაჰალმა“ მოუწოდა ჩრდილოეთ ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს, ტერიტორიის სამხრეთში გადავიდნენ, რათა სამხედრო ოპერაციების არეალში არ მოყვნენ.
ღაზის სექტორი მცირე, დაახლოებით თბილისის ფართობის ნახევარი ტერიტორიაა, რომელშიც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ტერიტორია ხმელეთიდან სრულ ბლოკადაშია. ერთადერთი გასასვლელი ღაზადან ეგვიპტის საზღვარზეა, თუმცა იქ მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ვერ ახერხებს სათანადოდ ოპერირებას დაბომბვის გამო. ჩვეულ რეჟიმშიც ამ პუნქტზე საჭირო იყო გადასვლისთვის სპეციალური ნებართვა.
21 ოქტომბერს დროებით გაიხსნა რაფაჰის გამშვები პუნქტი. მისი გავლით ეგვიპტიდან ღაზაში 20 სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანეს. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის შეფასებით ღაზის მოსახლეობას გაცილებით მეტი სჭირდება.