კომენტარი

ვერავინ ისარგებლებს სიტუაციით – ბაიდენი ისრაელზე

10 ოქტომბერი, 2023 • 1414
ვერავინ ისარგებლებს სიტუაციით – ბაიდენი ისრაელზე

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. ვიდეოკონფერენციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს, ისევე როგორც ყველა ერს მსოფლიოში, აქვს პასუხის გაცემის უფლება სამხედრო თავდასხმაზე და თუ ვინმეს ჰგონია, ისარგებლებს სიტუაციით, არ გამოუვათ.

“მე ვუთხარი მას [ნეთანიაჰუს], თუ შეერთებული შტატები გამოცდის იმას, რაც თქვენ გამოცადეთ, ჩვენი პასუხი იქნება მყისიერი და ყოვლისმომცველი”, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი ინფორმაციით, ჰამასის მიერ დატყვევებულები არიან, მათ შორის, ამერიკის მოქალაქეებიც. ბაიდენის თქმით, მისი, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეების დაცვაა. ამისთვის  ისრაელში გაგზავნის სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც ისრაელელ კოლეგებს დაეხმარებიან.

გარდა ამისა, ბაიდენს თქმით, აშშ-ის მიერ ისრაელის დახმარება გულისხმობს მხარდაჭერას საბრძოლო მასალითაც. მისი თქმით, აშშ გააძლიერებს საკუთარ პოზიციებს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი აღჭურვილობის მობილიზებას მოახდენს

“დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ისრაელს არ ამოეწურება შესაძლებლობები საკუთარი მოქალაქეების დასაცავად”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ესაუბრა ევროპელ კოლეგებსაც და განიხილა ერთობლივი მოქმედების გზები.

“შეიძლება ჩვენი გულები გატეხილია, მაგრამ ნათელია ჩვენი მიზანი. გუშინ მე ვესაუბრე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს. ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განვიხილეთ კოორდინირებისა და ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობები”, – ამბობს ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, ამერიკის მასშტაბით, ებრაელებით დასახლებულ ყველა რაიონში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები.

“ვინმე ფიქრობს, რომ ისარგებლებს  ამ სიტუაციით? – არა”. – ამბობს ბაიდენი.

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელში 7 ოქტომბერს შეიჭრა და განურჩევლად დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები. სისასტიკის ამსახველი ვიდეოები თავად ჰამასის მებრძოლებმა გაავრცელეს. დაღუპულთა რაოდენობამ ისრაელში 900-ს გადააჭარბა, დაჭრილია 2400-მდე ადამიანი.
700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო ავიადარტყმებს, რასაც ასევე დაემატა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა. ისრაელმა თავის მიზნად „ჰამასის “ სრული განადგურება დაასახელა. ღაზის სექტორში ამ დროისათვის 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.უახლესი ამბების სანახავად გადადით ბმულზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი