ქალთა საფეხბურთო კლუბ “ქუთაისის მართვეს” ყოფილ მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს უეფამ ლიცენზია შეუჩერა.
მიზეზი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც დაადგინა, რომ მწვრთნელმა 9 ფეხბურთელი ქალი სექსუალურად შეავიწროვა. დაზარალებული ქალების ინტერესებს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იცავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მწვრთნელს მორალური კომპენსაციის სახით 36 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
„სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში”, – აცხადებენ PHR-ში.
ორგანიზაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით 12 ოქტომბერს მიმართა.
“ჩაგვბარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ მივმართეთ უეფას და ვაცნობეთ ამ გარემოების შესახებ. შესაბამისად, მას მწვრთნელის ლიცენზია აღარ აქვს და სფფ-ის ეგიდით გასამართ ჩემპიონატებში ვერ მიიღებს მონაწილეობას”, – გვითხრეს ფეხბურთის ფედერაციაში.
PHR-მა ფედერაცია კიდევ ერთი მწვრთნელის, გივი კვარაცხელიას დასანქცირების მოთხოვნით მიმართა. კვარაცხელიამ ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნიკეს” სამი ფეხბურთელი, მათ შორის არასრულწლოვანები სექსუალურად შეავიწროვა. ორგანიზაციის თანახმად, შევიწროება 2022 წლის 18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, 2023 წლის 22 ივნისს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო ქალი ათლეტებისთვის. ამასთან, ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს გენდერული თანასწორობის კამპანიებში და მისი პრეზიდენტიც პოზიციონირებს, როგორც გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც, PHR იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროულ და ეფექტიან რეაგირებას მოახდენს მისთვის ცნობილ ინფორმაციაზე, იმოქმედებს მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს იმ სხვა გოგოების, მათ შორის არასრულწლოვანების დასაცავად, რომლებსაც დღესაც უწევთ აღნიშნულ მწვრთნელებთან ურთიერთობა”, – ვკითხულობთ PHR-ის გავრცელებულ განცხადებაში.
ფეხბურთის ფედერაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ PHR-ს ამ შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა სთხოვეს, რათა შეძლონ უეფას დასაბუთებული განცხადებით მიმართონ.
ფედერაციაში განმარტავენ, რომ კლუბები კერძო სამართლის სუბიექტები და დამოუკიდებლად წარმართავენ თავის საქმიანობას. ამის მიუხედავად, ფედერაცია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ცდილობს ხელი შეუწყოს მათ ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვაში.
“ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტებისთვის შექმნილი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული გარემო. ფედერაცია გმობს ყველანაირი ფორმის დისკრიმინაციასა და ძალადობას და მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს იყენებს მისი პრევენციისთვის”, – აცხადებენ ფედერაციაში.
მათი თქმით, როგორც უეფასთან, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეიმუშავეს ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი. გარდა ამისა, ასრულებენ მუშაობას სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან დაცვის პოლიტიკის დოკუმენტზეც. ფედერაციის ინფორმაციით, ეს საკითხები უეფა-ს მწვრთნელთა განათლების C-ლიცენზიის საგანმანათლებლო კურსსაც.