სამართალი

PHR: მწვრთნელის მიერ ქალი ფეხბურთელების სექსუალური შევიწროების საქმე მოვიგეთ

18 თებერვალი, 2022 •
PHR: მწვრთნელის მიერ ქალი ფეხბურთელების სექსუალური შევიწროების საქმე მოვიგეთ

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, სასამართლოში მოიგეს საქმე, რომელიც სპორტსმენი ქალების სექსუალურ შევიწროებას ეხებოდა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი იყო.

როგორც ნეტგაზეთთან PHR-ის ადვოკატი, ანა არგანაშვილი განმარტავს, საქმე ეხება თბილისის ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბს.

სასამართლომ დაადგინა, რომ რამდენიმე სპორტსმენს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მწვრთნელი სექსუალურად ავიწროებდა – „შევიწროების შედეგად, ისინი ძალიან მძიმე სტრესსა და ტანჯვას განიცდიდნენ“. მწვრთნელს მორალური ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა დაევალა, რომლის საბოლოო რაოდენობა დგინდება.

„სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებამდე საქართველოში ეს პრობლემა არ იყო აღიარებული – კლუბებს, ფედერაციებს, სამწუხაროდ, ჯერ არ აქვთ ამ პრობლემის მიმართ მგრძნობელობა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო წესები ამას მოითხოვს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა ქალი ათლეტი, ბავშვი იყოს დაცული სპორტში და ეს გადაწყვეტილება გახდეს სისტემური ცვლილებების საფუძველი. ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ“, – ამბობს არგანაშვილი და დასძენს, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს მშობლებისთვისაც.

რაც შეეხება საქმის დეტალებს, სასამართლომ რიგ შემთხვევაში თქვა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასულია. ამ ნაწილს PHR გაასაჩივრებს.

„გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გარკვეული ქცევები, რომელიც, სამწუხაროდ, მიღებულია სპორტულ წრეებში, ჩაითვალა, რომ შეიცავს სექსუალური შევიწროებას“, – ამატებს ადვოკატი.

ჩვენ ვკითხეთ ანა არგანაშვილის, რა ტიპის შევიწროებაზე საუბრობდნენ ქალები.

„იყო დამამცირებელი სიტყვები, იყო ვარჯიშები, რომელსაც არ ჰქონდა სპორტული დატვირთვა, არამედ ჰქონდა დამამცირებელი და სექსუალური შინაარსი. ხდებოდა სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, რაც ამ ქალებს უქმნიდა უხერხულობის განცდას. ასევე იყო კომენტარები გარეგნობაზე, წონაზე და ა.შ.

ყველაფერი იმით მართლდებოდა, რომ თუ გამარჯვება გინდა, მწვრთნელს ენა არ უნდა შეუბრუნო, არაფერი გააპროტესტო და უხმოდ დაემორჩილო, რაც უნდა გითხრას. ჩვენი მიზანია, საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ, რომ სპორტში და ყველგან ქალებისთვის ასეთი მოპყრობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არაფერი ამართლებს სექსუალურ შევიწროებას და არც დამამცირებელ სიტყვებს და ამაში უკვე დაგვეთანხმა სასამართლო“.

ანა არგანაშვილის თქმითვე, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სასამართლომ სექსუალური შევიწროება ბავშვების მიმართაც დაადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი