ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ომბუდსმენის თქმით, დაპატიმრებული ყარაბაღელი პოლიტიკოსები პირობებს არ უჩივიან

19 ოქტომბერი, 2023 • 1252
აზერბაიჯანის ომბუდსმენის თქმით, დაპატიმრებული ყარაბაღელი პოლიტიკოსები პირობებს არ უჩივიან

“არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავების პირობებს [სამედიცინო მომსახურება, კვება და სხვა] არ უჩივიან”- ამის შესახებ მოსკოვში ადამიანის უფლებების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე აზერბაიჯანის ომბუდსმენმა საბინა ალიევამ განაცხადა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ამასთან, აზერბაიჯანის ომბუდსმენის, საბინა ალიევას განცხადებით, ხელისუფლებამ დაკავებულებებისთვის დოკუმენტაციის მშობლიურ ენაზე თარგმნა უზრუნველყო და ოჯახებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცათ.

ასევე, მისი თქმით, ზოგიერთ დაკავებულს ჰყავს ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი, ნაწილი კი სახელმწიფო ადვოკატის მომსახურებით სარგებლობს.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ბაქოს მიერ დაკავებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტები, არკადი გუკასიანი და ბაკო სააკიანი, ასევე დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით იშხანიანი, ოთხი თვით არიან დაპატიმრებული. ყოფილი პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანს კი ბაქო სამუდამო პატიმრობით ემუქრება.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე. 20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი