ახალი ამბები

პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

17 ოქტომბერი, 2023 • 1155
პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

“საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო “შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ, 18 ოქტომბერს, იგეგმება.


ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აშშ-მა დაასანქცირა. აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ “ეფესბეს” ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე კარგავს მოქალაქეობას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეც ხდება. ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნება შეუძლია პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ფარცხალაძის რუსეთის მოქალაქეობის შესახებ.

19 სექტემბერს ზურაბიშვილმა თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროსგან ელოდა დასკვნას ფარცახალაძის მოქალაქეობის შესახებ, რომელსაც მიღებისთანავე დააკმაყოფილებდა. 22 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ შეუწყვეტს.

“პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ როგორც საქართველოს მოქალაქე” , – განაცხადა მაშინ ზურაბიშვილმა.

რისთვის დაასანქცირეს ფარცხალაძე

აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის და ამჟამად დევნილობაში მყოფი ლაშა თორდიას ცემის ფაქტიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი