ახალი ამბები

იუსტიციიდან ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას ველოდები, რომელსაც დაუყოვნებლივ დავაკმაყოფილებ — ზურაბიშვილი

19 სექტემბერი, 2023 •
იუსტიციიდან ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას ველოდები, რომელსაც დაუყოვნებლივ დავაკმაყოფილებ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროსგან ელოდება ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფირცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნას და მიღებისთანავე დააკმაყოფილებს.

ამის შესახებ მან დღეს, 19 ოქტომბერს ფეისბუკზე დაწერა.

“პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს” ,— წერს ზურაბიშვილი.

დღეს ეს არის პრეზიდენტის მიერ ფარცხალაძის შესახებ სოციალურ ქსელში გაკეთებული მეორე განცხადება. მანამდე, 7 საათით ადრე, ზურაბიშვილმა დაწერა, რომ ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე მასთან არანაირი დოკუმენტი არ გაუგზავნიათ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე კარგავს მოქალაქეობას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეც ხდება.

საბოლოო თანამდებობის პირი, ვისაც მისთვის ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნება შეუძლია, პრეზიდენტია – იგი კი უარყოფს, რომ ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე ინფორმაცია ჰქონდა.


ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი