ახალი ამბები

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტი კენჭს ამ კვირაში უყრის

16 ოქტომბერი, 2023 • 992
პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტი კენჭს ამ კვირაში უყრის

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხს პარლამენტი კენჭს მიმდინარე კვირაში უყრის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ხვალ, 17 ოქტომბერს, ბიუროსა და პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტს განიხილავენ, სადაც იმპიჩმენტის საკითხის განხილვის გრაფიკი იქნება.

ამასთან პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის აპარატს დაუკავშირდება და თუ მას განხილვაში მონაწილეობის სურვილი ექნება, ამის მიხედვით იმოქმედებენ.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 16 ოქტომბერს, გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული  მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი