ახალი ამბები

ვისი მეგობარია ვიქტორ ორბანი?

13 ოქტომბერი, 2023 •
ვისი მეგობარია ვიქტორ ორბანი?

ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეისთვის „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ღარიბაშვილის ყველაზე ახლო პარტნიორია ევროკავშირის ლიდერებს შორის.

რა გზა გაიარა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისთვის „ცოცხის ორდენოსანთა კავალერად“ წოდებულმა ორბანმა „ნამდვილ ევროპელ ლიდერობამდე“ – წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში.

„ნუ დაბრუნდებით უკან“

2012 წლის 27 სექტემბერი, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის აეროპორტს ხსნის. მაშინ ჯერ კიდევ მმართველი პარტიის ლიდერთან ერთად უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, „ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ვარსკვლავი“ ვიქტორ ორბანია. იგი აქებს პრეზიდენტ სააკაშვილის მიღწევებს და მოუწოდებს ქართველ ხალხს, „უკან ნუ დაბრუნდებითო“.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას, რათა პოსტკომუნისტური ქვეყანა ევროპულ ქვეყნად შეგეცვალათ… შედეგები მარტივად არ მოდის, მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვათ და ჩვენ ეს შეცდომა უნგრეთში დავუშვით. რამოდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, შემოვბრუნებულიყავით და მივბრუნებულიყავით წარსულისკენ.

თუ თქვენ საკმაოდ მტკიცედ ხართ ჩამოყალიბებული, გჯერათ თქვენი ხელმძღვანელობის, მხარს უჭერთ თქვენს მთავრობას და პრეზიდენტს, შეძლებთ იყოთ წარმატებული. მაგრამ თუ ცდუნებას აჰყვებით, რომ უკან დაბრუნდეთ, ეს ნამდვილი შეცდომა იქნება. რა თქმა უნდა, ეს თქვენი არჩევანია… მაგრამ დამიჯერეთ, როგორც უნგრელ მეგობარს – ნუ დაბრუნდებით უკან, ირწმუნეთ საკუთარი თავის, თქვენი ხელმძღვანელობის და თქვენი საქმე გააკეთეთ“,– განაცხადა უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა [ციტატა „ტაბულას“ მიხედვით].

saakashvili orban

მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ ორბანი.

ორბანის გამოსვლას „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ განწყობილი მედიასაშუალებები მკვეთრად კრიტიკულად აფასებენ. „ფორ.ჯი“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში მას სულაც „ცოცხის ორდენოსანთა კავალერი“ უწოდეს [მინიშნება 2012-ის სექტემბერში გამოქვეყნებულ „ციხის კადრებზე“, სადაც პატიმრების წამება, მათ შორის მათი ცოცხით გაუპატიურება იყო ნაჩვენები].

პირველ ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს წააგებს და ხელისუფლებას „ქართულ ოცნებას“ გადაულოცავს. მალევე ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრება. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგმა მათგანმა, მაგალითად – ზურაბ ადეიშვილმა და ერეკლე კოდუამ, თავი სწორედ უნგრეთს შეაფარეს. 2013 წელს ამ საკითხზე დასმული კითხვა ორბანმა უპასუხოდ დატოვა.

სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ორბანთან მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნა. 2014 წელს, უნგრეთში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ორბანმა უკვე ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა მხარი და სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეც გააკრიტიკა:

„მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გაერთიანებას. ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური ოჯახის [„ევროპის სახალხო პარტიის“] წევრი. ვგმობ და ვეწინააღმდეგები ყოველგვარ ზეწოლასა და დევნას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გზა მომავლისკენ“, – თქვა მაშინ ორბანმა.

ამ შეხვედრას ქართულ მედიასივრცეში ორბანის კრიტიკა კიდევ ერთხელ მოჰყვა – „კვირა.ჯი“-ს სტატიაში უნგრეთის პრემიერს პუტინის მსგავსი პოლიტიკის გატარებაში დასდეს ბრალი და აღნიშნეს, რომ მისი კუმირი სწორედ რუსეთის პრეზიდენტია.

მეგობრობა ცალმხრივი არ აღმოჩნდა: 2019 წელს, როცა ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ უნგრეთის პრემიერი გააკრიტიკა, უკანასკნელის მხარდასაჭერი განცხადება სწორედ სააკაშვილმა გააკეთა:

„ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია. [..] თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს!“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„აკონტროლეთ სიტყვები, როცა ბატონ ორბანს ახსენებთ“

2021 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს, ორბანს მისი მხარდასაჭერი განცხადებები აღარ გაუკეთებია. ექსპრეზიდენტთან მეგობრობის დადასტურებიდან ცხრა წლის შემდეგ ვიქტორ ორბანს საქართველოში ახალი მეგობრები გამოუჩნდა – ამჯერად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახით.

ახალი მეგობრობის დაწყების მომენტში ორ ლიდერს საკმაო ჰქონდა საერთო – ორივე ულტრაკონსერვატიულ პოზიციებზე იდგა; ორივეს პარტიას ევროპელი პოლიტიკოსების ისტაბლიშმენტთან ურთიერთობები ჰქონდა გაფუჭებული; ორივეს პარტიას პრობლემები ჰქონდა ევროპულ პოლიტიკურ ალიანსებთან – 2019 წელს ორბანის „ფიდესს“ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრობა შეუჩერეს, „ქართულმა ოცნებამ“ კი ევროპის სოციალისტური პარტია დატოვა, სანამ მას გარიცხავდნენ.

ღარიბაშვილისა და ორბანის მეგობრობა სხვადასხვა ასპექტს მოიცავს – საქართველოს პრემიერი უნგრეთში გამართულ კონსერვატორთა კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით; შეაქო ორბანის პოლიტიკა და აღნიშნა, რომ მისგან „ბევრი რამ გადმოიღო“. უნგრეთის პრემიერი, თავის მხრივ, მხარს უჭერს ღარიბაშვილის განცხადებებს, რომ საქართველომ უსამართლოდ არ მიიღო კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ზაფხულში.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი, 2023.

სააკაშვილის მსგავსად, ორბანის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილიც გამოდიოდა. როცა დეპუტატმა რომან გოცირიძემ უნგრეთის პრემიერს „ქაჯი“ უწოდა, ღარიბაშვილმა მას „სიტყვების კონტროლისკენ“ მოუწოდა:

„ერთი გამომსვლელის შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინე ჩვენი მეგობრის, ორბანის მიმართ. ეს არის დასაგმობი ფაქტი. ბატონო რომან, მოგიწოდებთ, კორექტული იყოთ, როცა ბატონ ორბანზე საუბრობთ. ბატონი ვიქტორ ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი. მხარს გვიჭერს, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში, ევროკავშირში და ერთ-ერთი ხმალამოღებული მხარდამჭერი გვყავს ევროკავშირში. ძალიან გთხოვთ, რომ გააკონტროლოთ თქვენი სიტყვები, როცა ბატონ ორბანს ახსენებთ“, – განაცხადა მან.

„მთლად გულწრფელი მეგობრობის იმედად ნუ იქნებიან“

ორბანის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა საქართველოში მის ვიზიტამდე მმართველი გუნდის ოპონენტებმაც გაიხსენეს. პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა უნგრეთის პრემიერის ახალ მეგობარს, ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია ორბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების: ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით ამ პირთა მიმართ სასჯელის აღსრულების მიზნით. დეპუტატს ამ კითხვაზე ჯერჯერობით არ მიუღია პასუხი.

ორბანისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრობა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმაც გაიხსენა:

„მთლად გულწრფელი მეგობრობის იმედად ნუ იქნებიან. ცუდია, რომ ევროკავშირში მხოლოდ ორბანი ჰყავთ მოკავშირედ მიჩნეული. ევროკავშირში კიდევ 26 ქვეყანაა, რომელთა ლიდერები მთლად ისე გულითადად განწყობილი არ არიან. ორბანი რამდენად გულითადია, ვერ გეტყვით, „ნაცების“ ყრილობაზეც არის გამოსული“, – განაცხადა ელისაშვილმა [ციტატა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიხედვით].

მასალების გადაბეჭდვის წესი