საზოგადოება

„ევროპელმა სოციალისტებმა“ „ოცნება“ პოსტ-ფაქტუმ, ერთსულოვნად გარიცხეს

30 ივნისი, 2023 • 994
„ევროპელმა სოციალისტებმა“ „ოცნება“ პოსტ-ფაქტუმ, ერთსულოვნად გარიცხეს

„ქართული ოცნება“ აღარ არის ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) წევრი.

როგორც PES-ის მიერ 29 ივნისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს იყო PES-ის თავმჯდომარეების გადაწყვეტილება.

„როგორც ადრე გამოცხადდა, ხელმძღვანელობამ ყრილობაზე განიხილა საქართველოში განვითარებული მოვლენები, წევრებმა გაიმეორეს წინა შეხვედრებზე გამოთქმული შეშფოთება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პოზიციებთან და პარტიის ხელმძღვანელობის ბოლო საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ საქმიანობა და პოზიციები პარტია PES-ის ღირებულებებს მიღმაა. ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, PES-ის ხელმძღვანელობამ მმართველთა საბჭოს შესთავაზა, რომ PES-მა შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. საბჭოს წევრებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

„ქართულმა ოცნებამ“ 11 მაისს განაცხადა, რომ ევროპის სოციალისტურ პარტიას (PES) ტოვებს.

ევროპის სოციალისტური პარტია ივნისში გეგმავდა, გადაეხედა „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი წევრის სტატუსისთვის. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ევროპელ სოციალისტებს გადაწყვეტილების მიღება დაასწრო და პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა.

ევროპის სოციალისტურმა პარტიამ (PES), რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნება“ იყო, აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ მმართველ პარტიასთან პარტნიორობის გადახედვას განიხილავს. „ქართული ოცნების“ პარტნიორების განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში გამართულ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობდა. რამაც „ოცნების“ პარტნიორების შეშფოთება გამოიწვია.

4 მაისს კონფერენციაზე დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება“ და „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობის დაუშვებლობა” იყო მისი გამოსვლის მთავარი აქცენტები.

თუმცა, ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადებით, მათ ღრმა შეშფოთებას არა მხოლოდ ღარიბაშვილის განცხადებები, არამედ „ქართული ოცნების“ ქმედებებიც იწვევს. როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, „ქართული ოცნების“ სტატუსთან დაკავშირებით საკითხი ჯერ კიდევ მარტში PES-ის პრეზიდენტის სტეფან ლოვენის მიერ წამოიჭრა. ეს ის პერიოდია, როცა „ქართული ოცნება“ “რუსული კანონის” მიღებას აპირებდა.

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი