ახალი ამბები

„ძალიან ბევრი მაგალითი გადმოვიღეთ“ — ღარიბაშვილი ორბანის პოლიტიკას აქებს

27 ოქტომბერი, 2022 •
„ძალიან ბევრი მაგალითი გადმოვიღეთ“ — ღარიბაშვილი ორბანის პოლიტიკას აქებს

საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია გაფორმდა, რაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, „დამატებით იმპულსს შესძენს ისედაც მჭიდრო ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს“.

პრემიერის თქმით, უნგრეთში მისი ვიზიტისას მხარეებმა განიხილეს თითოეული სექტორი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ენერგეტიკულ სექტორში სამომავლო თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა უნგრეთთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მორიგი სამთავრობათაშორისო შეხვედრა კი მხარეებს შორის უკვე თბილისში გაიმართება.

„უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონი ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს, არის ძალიან წარმატებული ქვეყანა, ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით“, — მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერი ყოველთვის იყო და არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერი და მისი გზავნილები თბილისისთვის მნიშვნელოვანია.

„ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული ევროპული საბჭოს მიერ“, — მიმართა ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს.

ორბანის შეფასებით, მორალურად გაუმართლებელი და დისკრიმინაციულია, რომ მოლდოვამ და უკრაინამ  ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, საქართველომ კი — არა.

უნგრეთის პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, გამოეხმაურა ომს უკრაინაში და თქვა, რომ საერთო ამოცანა ამ ომის  შეჩერება უნდა იყოს და არა — გახანგრძლივება.

„ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენი საერთო ამოცანა და სურვილი უნდა იყოს არა ამ ომის გახანგრძლივება, არამედ ის, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე“, — თქვა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში  მიმდინარე ომი აისახა ფასებზე — წარმოშვა კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და „ამას სჭირდება შესაბამისი გამკლავება“.

ვიქტორ ორბანის შეფასებით, ევროპა სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა „ბრიუსელის წარუმატებელი სანქციების გამო“ და ერთადერთი გამოსავალი არის ევროპისთვის რაც შეიძლება მეტი ენერგიის წყაროს მიწოდება და ეს საკითხი არის განსახილველი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

უნგრეთი 2004 წელს გახდა ევროკავშირის წევრი. 2010 წლიდან, მეოთხე ვადით, ქვეყნის ხელისუფლებაშია ვიქტორ ორბანი და მისი პარტია Fidesz. უფლებადამცველი ჯგუფები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი და ევროპის საბჭო, უნგრეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ მედიაზე და სასამართლოზე გაძლიერებული კონტროლის, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის, ლგბტ პირების და სხვათა უფლებების დარღვევების გამო.

Fidesz-ს 2019 წელს შეუჩერდა ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფის „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრობა და საბოლოოდ დატოვა იგი 2021 წელს.

დასავლური მედია ვიქტორ ორბანს არაერთგზის მოიხსენიებს ვლადიმერ პუტინის უახლოეს მოკავშირედ ევროკავშირში. თავად ამბობს, რომ „უნგრული პოლიტიკა” არც „უკრაინის მიმართ არის მეგობრული და არც რუსეთის მიმართ” — ის „მეგობრულია უნგრეთის მიმართ”.

ორბანი მიმდინარე წლის აპრილში მეოთხე ვადით გახდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, წინასაარჩევნოდ უნგრეთის ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა ამომრჩეველი, რომ მას შეუძლია ქვეყნის დაცვა ომისგან, ოპოზიციას კი — არა. მას შემდეგ, რაც არჩევნებში გაიმარჯვა, ორბანმა თავის ოპონენტებს შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაასახელა.

უკრაინასთან დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, ბუდაპეშტს არ დაუბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და არ შეწინააღმდეგებია ევროკავშირის სამხედრო და სხვა სახის დახმარებას კიევისადმი. თუმცა უარი თქვა, მაგალითად, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ტრანზიტზე უნგრეთის გავლით.

საქართველო მოგვაგონებს უნგრეთს — გერმანელი პოლიტოლოგი

მასალების გადაბეჭდვის წესი