საზოგადოება

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს

11 მაისი, 2023 • 1052
„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტურ პარტიას(PES) ტოვებს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  დღეს, 11 მაისს, პარტიის პოლიტსაბჭოს შეკრების შემდეგ განაცხადა.

ევროპის სოციალისტური პარტია „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის გადახედვას ივნისში გეგმავდა. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ევროპელ სოციალისტებს გადაწყვეტილების მიღება დაასწრო და პარტია თავად დატოვა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან თანამშრომლობის გადახედვაზე „საჯარო მუქარა“ მათთან კომუნიკაციის გარეშე გაისმა.  კობახიძის თქმით,  PES-ის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება მათთვის პრინციპულად მიუღებელია.

ირაკლი კობახიძემ PES-თან პარტნიორობა შეაფასა და აღნიშნა, რომ 2015 წლიდან დღემდე ევროპის სოციალისტურ პარტიას „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ერთი ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია.

„მეტიც, ევროპის სოციალისტური პარტიის ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა ევროპის სოციალისტური პარტიიდან მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის – მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სამწუხაროდ, ევროპის სოციალისტურ პარტიას მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არც ერთხელ არ დაუგმია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ასეთ პირობებში, ევროპის სოციალისტურ პარტიაში „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.

„გარდა ამისა, 2015 წლიდან დღემდე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებოდით ევროპის სოციალისტური პარტიის იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას. გასული წლების განმავლობაში, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს. ევროპის სოციალისტური პარტიის ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ირწმუნება, რომ გადაწყვეტილების მიღებაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩართული არ ყოფილა.

მისი თქმით,  დღეიდან, „ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან.


ევროპის სოციალისტურმა პარტიამ (PES), რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნება“ იყო, აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ მმართველ პარტიასთან პარტნიორობის გადახედვას განიხილავს. „ქართული ოცნების“ პარტნიორების განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში გამართულ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობდა. რამაც „ოცნების“ პარტნიორების შეშფოთება გამოიწვია.

4 მაისს კონფერენციაზე დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება“ და „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობის დაუშვებლობა” იყო მისი გამოსვლის მთავარი აქცენტები.

თუმცა, ევროპის სოციალისტური პარტიის განცხადებით, მათ ღრმა შეშფოთებას არა მხოლოდ ღარიბაშვილის განცხადებები, არამედ „ქართული ოცნების“ ქმედებებიც იწვევს. როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, „ქართული ოცნების“ სტატუსთან დაკავშირებით საკითხი ჯერ კიდევ მარტში PES-ის პრეზიდენტის სტეფან ლოვენის მიერ წამოიჭრა. ეს ის პერიოდია, როცა „ქართული ოცნება“ “რუსული კანონის” მიღებას აპირებდა.

ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი