ხაბაძემ პრემიერ–მინისტრს განუცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი საპარლამენტო არჩევნებიდან ორ დღეში ქვეყნიდან გაიქცა და საქართველოში 4 ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი აქვს წარდგენილი, ხოლო უნგრეთმა მას თავშესაფარი მისცა:

“მე თან მაქვს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დასკვნის ასლი, რომელშიც არის საინტერესო სტატისტიკა იმის თაობაზე, რომ 2010 წელს, ადეიშვილის მინისტრობის პერიოდში, სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენის წილი 0.2 პროცენტი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ 1000 ადამიანიდან, რომლებსაც ადეიშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბრალი წარუდგინეს, სასამართლოს მხოლოდ ორი ადამიანის შემთხვევაში გამოჰქონდა გამამართლებელი განაჩენი. ეს ციფრები ყველაფერზე მეტყველებს”, – განაცხადა ხაბაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, ვინც ადეიშვილისა და უნგრეთის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების ახლო კონტაქტებზე საუბრობს. ხარაბაძემ პრემიერ–მინისტრს ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვა და ასევე იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის პრემიერი ამ საკითხს უახლოეს მომავალში უფრო დეტალურად შეისწავლის.
ხარაბაძის გამოსვლას ვიქტორ ორბანმა ასე უპასუხა:
“მე აქ საკამათოდ არ მოვსულვარ არც ერთ პიროვნებასთან, ვინც შეკითხვას

სვამს. გთხოვთ გადახედოთ თქვენს შეკითხვას და ჩამოაყალიბოთ დემოკრატიის დანერგვის კუთხით. უნგრეთში ხდება დემოკრატიის დანერგვა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ ნაკლებად ვამკვიდრებთ დემოკრატიას, ვიდრე სხვა ქვეყნები. ხოლო იმ ინფორმაციის შემდეგ, რაც თქვენ წარმოადგინეთ, ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან”, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
საქართველოს იუსტიციის ექს–მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ინტერპოლს წითელი ცირკულარით ძებნა ამ დრომდე არ
დაუწყია. გავრცელებული ინფორმაციით, ადეიშვილი უნგრეთში იმყოფება და პოლიტიკური თავშესაფრის მიღების პროცედურებიც დაიწყო.
ადეიშვილს საქართველოში ბრალი გასული წლის დეკემბრის თვეში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.




