ახალი ამბები

ორბანი ქაჯია, ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური და უკრაინისადმი არასწორი პოლიტიკით — გოცირიძე

27 ოქტომბერი, 2022 • 1253
ორბანი ქაჯია, ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური და უკრაინისადმი არასწორი პოლიტიკით — გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ქაჯს უწოდებს და მის პოლიტიკას აკრიტიკებს. ამის შესახებ მან დღეს, 27 ოქტომბერს, „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„პრემიერ-მინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი] ვიზიტით ჩავიდა უნგრეთში ორბანთან, არაპოლიტიკური ენით ვიტყვი, ქაჯთან. ქაჯია თავისი ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური, უკრაინისადმი არასწორი პოლიტიკით. სანქციებს უშლის ხელს და მრავალი სანქცია ვერ შემოიღეს იმის გამო, რომ ვეტო დაადო. ვინ ეკითხება ორბანს, ევროკავშირი დაადებს თუ არა ვეტოს რუსეთის სატანას, პატრიარქს”, – განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს დღეს, 27 ოქტომბერს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უნგრეთში მისი ვიზიტისას მხარეებმა განიხილეს თითოეული სექტორი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ენერგეტიკულ სექტორში სამომავლო თანამშრომლობა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა უნგრეთთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მორიგი სამთავრობათაშორისო შეხვედრა კი მხარეებს შორის უკვე თბილისში გაიმართება.


უნგრეთი 2004 წელს გახდა ევროკავშირის წევრი. 2010 წლიდან, მეოთხე ვადით, ქვეყნის ხელისუფლებაშია ვიქტორ ორბანი და მისი პარტია Fidesz. უფლებადამცველი ჯგუფები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი და ევროპის საბჭო, უნგრეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ მედიაზე და სასამართლოზე გაძლიერებული კონტროლის, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის, ლგბტ პირების და სხვათა უფლებების დარღვევების გამო.

Fidesz-ს 2019 წელს შეუჩერდა ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფის „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრობა და საბოლოოდ დატოვა 2021 წელს.

დასავლური მედია ვიქტორ ორბანს არაერთგზის მოიხსენიებს ვლადიმერ პუტინის უახლოეს მოკავშირედ ევროკავშირში. თავად ამბობს, რომ „უნგრული პოლიტიკა” არც „უკრაინის მიმართ არის მეგობრული და არც რუსეთის მიმართ” — ის „მეგობრულია უნგრეთის მიმართ”.

ორბანი მიმდინარე წლის აპრილში მეოთხე ვადით გახდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, წინასაარჩევნოდ უნგრეთის ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა ამომრჩეველი, რომ მას შეუძლია ქვეყნის დაცვა ომისგან, ოპოზიციას კი — არა. მას შემდეგ, რაც არჩევნებში გაიმარჯვა, ორბანმა თავის ოპონენტებს შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაასახელა.

უკრაინასთან დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, ბუდაპეშტს არ დაუბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და არ შესწინააღმდეგებია ევროკავშირის სამხედრო და სხვა სახის დახმარებას კიევისადმი. თუმცა უარი თქვა, მაგალითად, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ტრანზიტზე უნგრეთის გავლით.

უნგრეთი მხარს უჭერდა უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე, ემხრობა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი