ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ გადაიყვანა ავტომობილით 13 წლის გორ ხაჩატრიანმა ოჯახი ყარაბაღიდან სომხეთში

25 სექტემბერი, 2023 • 38848
როგორ გადაიყვანა ავტომობილით 13 წლის გორ ხაჩატრიანმა ოჯახი ყარაბაღიდან სომხეთში

ავტორი: ლუსინე არაქელიანი, ქალაქი ეჩმიაძინი, სომხეთი


მთიან ყარაბაღზე 19 სექტემბრის შეიარაღებული შეტევისას, 13 წლის გორ ხაჩატრიანი ოჯახში ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ოჯახის წევრების ავტომობილით გადაყვანა შეეძლო. ამჟამად სომხეთის ქალაქ ეჩმიაძინში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსით მცხოვრები 13 წლის გორი თავად გვიყვება 55 -საათიანი მგზავრობის შესახებ. 

“19 სექტემბერს სკოლაში ვიყავი, როცა სროლა დაიწყო. ჩვენი სოფელი ხნაფათი უშუალოდ მდებარეობს მტერთან [აზერბაიჯანი რედ.] საზღვარზე. მაშინვე სახლში გავიქეცი. სახლში რამდენიმე საათი მოგვიწია ყოფნა ოჯახის წევრებს. ფანჯრიდან ვხედავდი, როგორ ცვიოდა ჭურვები და როგორ ისროდნენ აზერბაიჯანელები. მამა პოსტზე იყო და ტელეფონითაც ვეღარ ვუკავშირდებოდით. მერე რუსები მოვიდენ და მოითხოვეს, აეროპორტში გავქცეულიყავით, რომ გადავრჩენილიყავით. ეს აეროპორტი ახლოსაა მათ ბაზასთან. ამიტომაც მომიწია მანქანის დაქოქვა და ოჯახის გადაყვანა. 

მანქანის ტარება მამამ მასწავლა. ხშირად მიწევდა სოფლიდან ქალაქში ჩასვლა მანქანით, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ცოდნა ომიდან გამოსაქცევად გამომადგებოდა.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტულ ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.

20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში გადადიან საცხოვრებლად იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკური სომეხი  ცხოვრობდა.

უკვე ღამის პირველი საათი იყო, როდესაც სოფლიდან აეროპორტისკენ წავედით. სიბნელის მიუხედავად, მანქანის განათების ჩართვა აგვიკრძალეს, რომ აზერბაიჯანელებს არ დავენახეთ და არ ესროლათ. როგორღაც შევძელი სიბნელეში სიარული. თან არაა გრძელი გზა, ალბათ 20 წუთი დამჭირდა. 

მაშინ მეგონა, რომ ყველაფერი უკან მოვიტოვე და მალე გაგვიშვებდნენ სახლში. თუმცა აეროპორტში რამდენიმე დღე მოგვიწია ყოფნა. 

აეროპორტში ყოფნისას ისევ მოვიდნენ რუსები და გვითხრეს, რომ მეტს ვეღარ გავჩერდებოდით ყარაბაღში და სომხეთში უნდა წავსულიყავით. ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა. გავიაზრე, რომ ჩემი ახლობლების სიცოცხლე ჩემს ხელშია და უნდა მოვიკრიბო ძალა დიდ მანძილზე წასასვლელად. 

როგორც წესი, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად ორი საათია საჭირო, თუმცა ამჟამად საცობის გამო ადამიანები გზაში 20-25 საათი იდგნენ.

მამამ გვიან გაიგო, რომ უსაფრთხოდ ვიყავით და სხვა მანქანით ჯერ სტეპანაკერტში ჩავიდა ჩემი დისა და მისი ოჯახის გამოსაყვანად. 

გზა, რომლითაც სომხეთისკენ წამოვედით, ლაჩინის დერეფანზე გადის. იქ, სადაც უკვე აზერბაიჯანული გამშვები პოსტია. აზერბაიჯანელების კონტროლი უნდა გაგვევლო. აზერბაიჯანელები ნორმალურად მომექცნენ. როდესაც მნახეს, რომ საჭესთან არასრულწლოვანი ვიჯექი, მალევე გამიშვეს. აი, ჩემი 80 წლის პაპა კი დააკავეს და დაკითხვა მოუწყვეს, ეკითხებოდნენ, რამდენი აზერბაიჯანელი ჰყავს მოკლული ცხოვრების განმავლობაში, რატომ მირბის ახლა სომხეთში და ა.შ. შეგვეშინდა, რომ დააპატიმრებდნენ და მის გარეშე წავიდოდით სომხეთში. საბედნიეროდ, გამოუშვეს და გზაც გავაგრძელე. 

საბედნიეროდ, მართვის მოწმობის გარეშე ჩასულს სომხეთში არ მქონია პრობლემა. როდესაც სომხეთის საზღვრიდან ქალაქ ეჩმიაძინამდე დაგვჭირდა მისვლა. ხუთი თუ ექვსი საათი ვიარე ეჩმიაძინამდე. მამაჩემსაც აქ შევხვდით უკვე. 

აქ, ამ ქალაქში, ადგილობრივები უკვე მცნობენ. ჩემს ოჯახის წევრებსაც ცნობენ ჩემ გამო. 

მანქანა, რომლითაც ჩამოვედი, ეზოში დგას. ყველა ფოტოს მიღებს, როგორც მამაც და ლეგენდარულ ბიჭს. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძალიან მრცხვენია, როდესაც მცნობენ და მეკითხებიან, როგორ მოვდიოდი ამდენი საათი, ხომ არ ჩამძინებია გზაში და ა.შ. იმედია, მალე ყველას დაავიწყდება ეს ამბავი.

ავტომობილი, რომლითაც 13 წლის გორ ხაჩატრიანი ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა

ავტომობილი, რომლითაც 13 წლის გორ ხაჩატრიანი ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა

ახლა აქ, სომხეთში ვცდილობ ადაპტაციას. იმედი მაქვს, აქ მაინც დავამთავრებ სკოლას. თუმცა ოჯახის დასახმარებლად ფულის გამომუშავებაც მინდა. ამ მხრივ, ერთი ცნობილი სტილისტი დამეხმარა, რომ მის კურსებს უფასოდ დავესწრო და მერე მეც შევძლო მუშაობა”. 

გორ ხაჩატრიანი ახალ საცხოვრებელში სომხეთის ქალაქ ეჩმიაძინში

გორ ხაჩატრიანი ახალ საცხოვრებელში სომხეთის ქალაქ ეჩმიაძინში

უკანასკნელი მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 100 ათასზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსით იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი