ახალი ამბები

საგარეოს განცხადება ამ ეტაპზე ის რეაგირებაა, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა – კობახიძე ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

6 ოქტომბერი, 2023 • 1530
საგარეოს განცხადება ამ ეტაპზე ის რეაგირებაა, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა – კობახიძე ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაგირება გამოიხატება საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სწორედ ასეთი რეაგირება ჩაითვალა საჭიროდ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა, ეს არის ხელისუფლების პოზიცია. რაც ჩაითვალა საჭიროდ, სწორედ ის რეაგირება გახმოვანდა ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებითაც, რომლის თანახმადაც, ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობით რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გადმოტანას ცდილობს.

კობახიძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ დაუშვას.

„ყველა პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით, მათ შორის ყურადღებით ვაკვირდებოდით აქაური რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული, ასევე, კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებსაც, საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტში თუ საჯაროდ ნათქვამ განცხადებებსაც, და აქედან გამომდინარე გვაქვს საკუთარი დასკვნები, თუ ვის სურს საქართველოში მეორე ფრონტი. აქედან გამომდინარე გვქონდა საუბარი გლობალურ ომის პარტიაზე, რადიკალურ ოპოზიციაზე.

თვითონ რადიკალური ოპოზიციის მესიჯია, რომ როცა მოესურვება, [რუსეთი] შემოვა და რატომ არ შემოდის რუსეთი? უნდა და ვერ შემოდის თუ როგორ არის? გავანებოთ ამას თავი, ისეთ თემას ვეხებით, რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ აქ ოპოზიცია არის თავიდან ბოლომდე გაჭედილი. თუ უნდა[რუსეთს საქართველოში შემოსვლა] მაშინ რას აკეთებს?“,- განაცხადა კობახიძემ.


ოკუპირებლ რეგიონში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება.

ბჟანიას განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოპოზიციურ წრეებში. საგარეო უწყებამ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო, ოპოზიციაში კი საქართველოსთვის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი