ახალი ამბები

კობახიძე “გაოგნებული” და “შეშფოთებულია” აშშ-ის საელჩოს განცხადებით

3 ოქტომბერი, 2023 • 1855
კობახიძე “გაოგნებული” და “შეშფოთებულია” აშშ-ის საელჩოს განცხადებით

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის USAID-ის პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადება “შემაშფოთებელი” და “გამაოგნებელია”.

ხსენებული განცხადების შესახებ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა 3 ოქტომბერს ჰკითხეს.

აშშ-ის საელჩოს კომენტარს წინ უძღოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცება, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

“მე გუშინ წავიკითხე საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება, რაც მოვისმინეთ.

იმის მაგივრად, რომ გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისაგან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებასთან, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება, რაც შემაშფოთებელია”, — დასძინა კობახიძემ.

მისივე სიტყვებით, “ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არ უნდა ის რევოლუცია და ის უბედურება, რაც რევოლუციამ მოუტანა იგივე ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას”.

“საზოგადოების მოლოდინია, რომ საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია. პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა. თუმცა გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის”, — დაამატა მან.

რა ხდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

ამის შესახებ დღეს, 2 ოქტომბერს, სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.

სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი,  25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კანვას საქართველო“ ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, USAID-ის პროგრამის ფარგლებში  სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

ორგანიზაცია სუს-ის დღევანდელ განცხადებას აფასებს ზეწოლად ორგანიზაციის მიმართ. სუს-ის მიერ დასახელებული პირები კანვასის წევრები არიან.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, USAID-ის პროგრამასთან დაკავშირებით სუს-ისა და მმართველი გუნდის განცხადებების მიერ გახმიანებული ბრალდებები მცდარია.

საელჩოს განცხადებით, მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები, ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც საქართველოც და აშშ-ც იზიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი