ახალი ამბები

სამწუხაროდ, ამის უკან დგას USAID-ის დაფინანსება… დაგვჭირდება განმარტებები — კობახიძე სუს-ის განცხადებაზე

2 ოქტომბერი, 2023 • 1019
სამწუხაროდ, ამის უკან დგას USAID-ის დაფინანსება… დაგვჭირდება განმარტებები — კობახიძე სუს-ის განცხადებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ისგან საჭიროა განმარტები  სუს-ის მიერ დღეს, 2 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

კობახიძემ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საუბარია USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებზე. სწორედ აღნიშნული ტრენინგის ჩანაწერი წარადგინა სუს-მა დღევანდელ ბრიფინგზე, სადაც ირწმუნებოდა, რომ  ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში რევოლუციური სცენარი იგეგმება და ტრენინგების დანიშნულებაც სწორედ ამ სცენარის “ბირთვებთან” კომუნიკაციის დამყარებაა.

“ამ ტრენინგების სათაური არის არაძალადობრივი აქტივობა, თუმცა ნახეთ, რომ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. სცენარია არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი ყველამ ვიცით უკვე — ეს არის მეორე ფრონტი, რომელსაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული.

განსაკუთრებით სამწუხარო ისაა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით”, — განაცხადა კობახიძემ.

სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, ვინც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ტრენინგებს უტარებდნენ, 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატებისა და თარჯიმნების თანდასწრებით გამოიკითხნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ. სუსი ირწმუნება, რომ გამოკითხვისას ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.


სუს-მა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ ინფორმაცია 18 სექტემბერსაც გაავრცელა. სუს-ის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება. როგორც სუსი აცხადებს, აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ მისი ორგანიზაციისთვის სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდების შესახებ „ფეისბუქიდან“ გაიგო. უწყების ბრალდებებს მელაძე უარყოფს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.

უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

მასალების გადაბეჭდვის წესი