მარიამ იაკობიძე, სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი წევრი “ნეტგაზეთთან” საუბრობს ახლახანს დაფუძნებულ პარტიაზე, გვიხსნის რა შინაარსით განსხვავდებიან ისინი არსებული პოლიტიკური სპექტრისაგან და გვიზიარებს მათ ხედვებს სხვადასხვა მიმართულებით.

იდეოლოგია

ჩვენ ვართ ფართო მემარცხენე კოალიცია. ჩვენი იდეოლოგიური საყრდენი არის სოციალური დემოკრატია. საქართველოს პირველი რესპუბლიკაც (არსებობდა 1918-1921 წლებში, საბჭოთა ოკუპაციამდე) სწორედ სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნებოდა და ჩვენ, ასე ვთქვათ, ინსპირაციას ვიღებთ ამ ისტორიული გამოცდილებიდან და ვცდილობთ, მას დღეს, თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე, ახალი სული შთავბეროთ და ახალი შინაარსი შევძინოთ. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ვართ სოციალ-დემოკრატები ქართულ ფერებში. ეს არის სოციალური დემოკრატია, რომელიც მყარად მემარცხენე ღირებულებებს ეფუძნება: სოციალურ სამართლიანობას, ეკონომიკურ სამართლიანობასა და დემოკრატიის პრინციპებს.

“შეკავება და შენება”

ჩვენი სტრატეგია დაარსების დღიდან ორი მიმართულებით იყო განსაზღვრული: ერთი – შეკავება და მეორე – შენება. შეკავება გულისხმობდა არსებული ავტორიტარული რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ხოლო მეორეს იმას, თუ როგორ ავაშენოთ ამის პარალელურად ისეთი მყარი ფუნდამენტი, რომელიც არ ჩამოიშლება ორ დღეში, მდგრადად განვითარდება და ამ იდეების გარშემო შემოიკრებს ადამიანებს. მთავარი გამოწვევა ზუსტად ეს არის: როგორ მოვაბილიზოთ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფრის იმედი დაკარგეს. მთავარი გამოწვევა ჩვენს საზოგადოებაში (და სხვა პარტიების გამოწვევაც) ეს არის: როგორ გადავძლიოთ ის განცდა, რომ იმედი გადაწურულია და აღარ არსებობს რაღაცის შეცვლის მოლოდინი; როგორ დავუბრუნოთ ადამიანებს იმის რწმენა, რომ ეს არსებული სისტემა არ არის დაუსრულებელი და გარდაუვალი, მისი ცვლილება შესაძლებელია და ალტერნატივაც რეალურია. უბრალოდ, ეს ალტერნატივა თავისით ვერ გაჩნდება, უნდა შევქმნათ ჩვენ.

მარი იაკობიძე

ჩვენი მთავარი სათქმელიც ეს არის: შემოგვიერთდი, გახდი მონაწილე ანუ, არა უბრალოდ მხარი დამიჭირე, რაც ასევე ძალიან დასაფასებელია, არამედ შემომიერთდი ამ ბრძოლისა და შენების პროცესში.

პარტიის შექმნის ისტორია

ერთი ორგანიზაციული სტრუქტურის ქვეშ ადამიანების ორგანიზება და გაერთიანება მოხდა 2024 წლის აქციების დროს და ამ ავტორიტარიზმთან წინააღმდეგობიდან ამოიზარდა ეს ჩვენი ერთობა. ჩვენი გუნდი, ჩვენი პარტია აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობისთვის, ღირსეული შრომითი პირობებისთვის. ჩვენ გვაქვს დაგროვილი ცოდნა, დაგროვილი გამოცდილებები, სოციალური კაპიტალი და ურთიერთობები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან. ასევე, მთავარ, ცენტრალურ საკითხად ჩვენ ვაყენებთ არა იმას, რომ უბრალოდ წინააღმდეგობა გავუწიოთ არსებულ პოლიტიკურ რეპრესიულ რეჟიმს, არამედ ჩვენი მთავარი ხაზი არის ის, რომ ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, იმიტომ, რომ ამის გარეშე რეალური ცვლილებები ამ ქვეყანაში არ მოხდება. ეს ცვლილებები და ის ალტერნატივა, რომელზეც საზოგადოებაში მოთხოვნა არსებობს, ასევე თავისით ვერ შეიქმნება, ჩვენით უნდა შევქმნათ. სწორედ ამაზე დგას ჩვენი პარტიაც: ჩვენ ვართ თვითორგანიზებული, ჰორიზონტალური ჯგუფი და გვყავს ბევრი ლიდერი. ჩვენ არ გვყავს ერთი და ორი, ჩვენ გვყავს ბევრი ლიდერი.

ფინანსები

რეალურად, ჩვენ ერთმანეთის გარდა არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არანაირი მატერიალური რესურსი. ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ასევე ისიც არის (და ასეც იქნება) რომ არ გვყავს ერთი-ორი მსხვილი შემომწირველი. პირიქით, ვმუშაობთ იმაზე, რომ საზოგადოებაში განვითარდეს ზოგადად ეს კულტურა, რომ ბევრისგან იყოს ცოტა შემოწირულება. ჩვენი ფინანსები მთლიანად დგას, ერთის მხრივ, წევრების საწევროებზე, რომელიც პროგრესულ სისტემას ეფუძნება (ეს პროგრესული სისტემა გულისხმობს იმას, რომ ვისაც რისი საშუალება აქვს, იმის მიხედვით იხდის) და, მეორეს მხრივ, კამპანიურად მიღებულ შემოწირულებებზე. სხვადასხვა კამპანიას ვაწარმოებთ ხოლმე ჩვენ, იქნება ეს გაზეთისთვის, რეგიონებში გასვლისთვის თუ ყრილობისთვის. მაგალითად, ამ დამფუძნებელი ყრილობისთვის თანხების მობილიზება სწორედ ასე მოვახდინეთ.

რატომ დავაფუძნეთ პარტია?

თავიდანვე, როცა გავერთიანდით და ვორგანიზდით, ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ არსებულ პოლიტიკურ პარტიებში, არსებულ პოლიტიკურ სპექტრზე ვერცერთ პარტიაში ვერ ვხედავდით იმის რესურსს, რომ გაატარებდა იმ პოლიტიკას, ისაუბრებდა და დღის წესრიგში დააყენებდა იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენ და საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს.

ეს რომ ვერავისთან დავინახეთ და ვიგრძენით პასუხისმგებლობა, რომ თუ გვინდა, ასეთი პოლიტიკური ძალა გაჩნდეს, თავად უნდა შევქმნათ იგი, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ორგანიზება. ამ საკითხებში თუ არ იქნება შინაარსობრივი განსხვავება და დაპირისპირება დაიყვანება მხოლოდ პიროვნებებამდე (მაგალითად, იქამდე, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე არიან ცუდები) ეს ფუნდამენტურ ცვლილებას ვერ მოიტანს. ეს სისტემა აუცილებლად მთლიანად უნდა შეიცვალოს.

მინიმალური ხელფასი და სხვა საკითხები

როგორ უნდა შეიცვალოს ეს სისტემა? ერთის მხრივ, დავსვათ კითხვა ვინ ფლობს ეკონომიკურ დოვლათს და როგორ ნაწილდება ის, რომლის შექმნაშიც ყველა მონაწილეობს, იქნება ეს ჟურნალისტი, ტაქსისტი, სტუდენტი, პროფესორი, მაღაზიის კონსულტანტი თუ სხვა ადამიანი. ყველანი ვმონაწილეობთ ჩვენი შრომით მის შექმნაში, მაგრამ ეს დოვლათი ძალიან ვიწრო ჯგუფის ხელში კონცენტრირდება. ამ ვიწრო ჯგუფში, ვის ხელშიც დღეს ეს დოვლათი კონცენტრირდება, ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ გვხვდებიან მინისტრებად, პარლამენტში დეპუტატებად და იღებენ იმ კანონებს, რომლებიც მათ პირად ბიზნესინტერესებშია, მათ პირად ბიზნესებს წაადგება და გამოადგება. ვხედავთ, როგორ სწრაფად, ხშირად რამდენიმე საათში, იღებენ ასეთ კანონებს, რაც უშუალოდ მათ კონკრეტულ ბიზნესინტერესებს უკავშირდება.

ეკონომიკა უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოების გრძელვადიან საჭიროებებს. აქ იგულისხმება, რომ დღეს ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილებასაც კი ვერ ვახდენთ, ჩვენი საჭიროებებისთვის საკმარის ხორბალსაც კი ვერ ვაწარმოებთ. ეკონომიკური სისტემის ცვლილების პარალელურად საჭიროა პოლიტიკური სისტემის ცვლილება, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების ჩართვას სხვადასხვა მექანიზმით სხვადასხვა დონეზე, იქნება ეს უბნის, სოფლის, ქალაქის თუ რაიონის მასშტაბით.

ასევე აუცილებელია ღირსეული შრომითი პირობები, ანაზღაურება და საკანონმდებლო დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრა, რომელიც იქნება არა საარსებო მინიმალური ხელფასის ტოლი, არამედ ღირსეული ცხოვრების გარანტიის შემქმნელი მინიმალური ხელფასი.

პროფკავშირების როლი და ორგანიზების მნიშვნელობა

სამწუხაროდ, პროფკავშირების როლი და ფუნქცია ჩვენს საზოგადოებაში დღეს მორღვეულია, თუმცა ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენს წევრებში არიან დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარეები. ცენტრალური პროფკავშირი ყვითელია და ყველა მთავრობის დროს ასეთია.

პროფკავშირები და პარტია, ზოგადად, საზოგადოების ორგანიზების ინსტრუმენტებია. პირველ რიგში, ეს არის ინსტრუმენტები იმისთვის, რომ საერთო ინტერესების, ღირებულებებისა და მიზნების გარშემო ორგანიზდნენ ადამიანები და ასე გაატარონ თავიანთი ინტერესები.

თუ დავაკვირდებით, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა, რომელიც ფლობს როგორც ეკონომიკურ დოვლათს, ისე პოლიტიკურ ძალაუფლებას, ძალიან კარგად არის ორგანიზებული. იქნება ეს მსხვილი ასოციაცია, პარლამენტისა და სახელისუფლებო დონეზე ორგანიზება თუ სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური კავშირები ანუ ისინი ძალიან ორგანიზებულად ატარებენ თავიანთ კონკრეტულ ინტერესებს, რაც მათი, როგორც ერთიანი ჯგუფის, ერთიანი სხეულის, ერთიანი კლასის ინტერესებში შედის. აქეთ კი საზოგადოება არის დაყოფილი და ორგანიზების საშუალებები ძალიან შეზღუდულია.

მაგალითად, პარტიების აკრძალვის მიზანიც ეს არის. ეს ხომ არ ეხება მხოლოდ არსებულ პარტიებს, ეს ეხება ზოგადად პოლიტიკურ ორგანიზებას, ორგანიზების საშუალებების მაქსიმალურად შეზღუდვას. ყველაზე მთავარი, რისიც ასეთ ავტორიტარულ რეჟიმებს ეშინიათ, არის ის, რომ მოქალაქეები ორგანიზდნენ. პროპაგანდა იმას ემსახურება, რომ ეს ორგანიზება ვერ შედგეს.

შინაარსობრივი დებატები

ჩვენ წლების განმავლობაში [პოლიტიკურ ველზე] ვუყურებდით უბრალოდ პიროვნულ დაპირისპირებებს. ეს არ იყო ხოლმე შინაარსობრივი დებატები და პოლიტიკური დღის წესრიგიდან სრულიად განიდევნა სოციალური, ეკონომიკური, შრომითი და გარემოსდაცვითი საკითხები. არ საუბრობდნენ იმაზე, ამ სიტუაციიდან როგორ შეიძლება გამოვიდეთ, რა ხედვები არსებობს. ერთის მხრივ იყო საუბარი ევროპისკენ სწრაფვაზე, მეორეს მხრივ კი ის ხედვები, რასაც ხელისუფლებაც აჟღერებდა და ოპოზიციური პარტიებიც აჟღერებდნენ, ხშირად პირიქით სრულიად ანტიევროპული იყო. იმიტომ, რომ ის ევროპული კეთილდღეობაც, რომლისკენაც საზოგადოება მივისწრაფვით და რომელსაც თავიანთ პოპულისტურ რიტორიკაში ხელისუფლებაც და სხვა პარტიებიც ხშირად იყენებდნენ, პირველ რიგში სოციალურ სამართლიანობაზე, ეკონომიკურ სამართლიანობასა და მემარცხენე პოლიტიკებზე დგას.

პროგრესული გადასახადი?

ჩვენ ეკონომიკური ტრანსფორმაცია ორ პარალელურ შრედ შეგვიძლია დავინახოთ. პირველი არის ის, თუ როგორ ვუპასუხოთ უკვე არსებულ უთანასწორობასა და ეკონომიკურ გამოწვევებს. არსებული ეკონომიკური გამოწვევა ისაა, რომ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, რაც განაპირობებს მაღალ ფასებსა და გაძვირებულ ცხოვრებას. როგორ შევამციროთ ეს და როგორ ვუპასუხოთ? ამაზე პასუხი არის, პირველ რიგში, საგადასახადო სისტემაში ცვლილებები. აქ იგულისხმება პროგრესული საგადასახადო სისტემის შემოღება ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს პირდაპირ დაწესებას და მორჩა, ერთ-ორ დღეში ეს ვერ მოხდება. ყველა პოლიტიკას, რაც ჩვენ გვაქვს, სჭირდება საზოგადოებასთან და მის სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობა იმისთვის, რომ ამის გატარება შეძლო.  [პროგრესული გადასახადი არის საგადასახადო სისტემა, სადაც გადასახადის პროცენტი იზრდება ადამიანის ან კომპანიის შემოსავლის ზრდასთან ერთად. მარტივად რომ ვთქვათ, ვინც მეტს გამოიმუშავებს, ის უფრო დიდ გადასახადს იხდის ბიუჯეტში, ხოლო ვინც ცოტას – ნაკლებს].

მეორე არის საბანკო და საფინანსო სისტემის რეგულირება. ჩვენ ვხედავთ, რომ საბანკო და საფინანსო სისტემა ამ ქვეყანაში სარგებლობს მოსახლეობის გაჭირვებით. ვხედავთ, რომ ოჯახების 60%-ზე მეტს აქვს დღეს სხვადასხვა ფორმის ვალი (იქნება ეს მიკროსაფინანსოს ვალი, ბანკის ვალი თუ მევახშის ვალი) და უმრავლეს შემთხვევაში ამ ფულს საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის სესხულობს ეს ხალხი. რეალურად, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ სარგებლობს ადამიანების მოწყვლადობით. იგი უნდა დარეგულირდეს ისე, რომ, ერთის მხრივ, საზოგადოებას აღარ დასჭირდეს სესხების ტყვეობაში ჩავარდნა, ხოლო მეორეს მხრივ, სესხების მაღალი პროცენტები დარეგულირდეს სხვადასხვა მექანიზმით, რადგან ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც საზოგადოებას აწუხებს, სწორედ ეს არის.

ადგილობრივი წარმოება

მეორე შრე გულისხმობს ზუსტად იმას, თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკური სისტემა და ადგილობრივი წარმოება ისე, რომ ნელ-ნელა გადავიდეთ იქითკენ, რომ აღარ ვიყოთ მხოლოდ იაფი ნედლეულის ექსპორტიორი. სუვერენულობის საკითხს ჩვენ ვუკავშირებთ ასევე ეკონომიკურ სუვერენულობას. ეკონომიკური სუვერენულობა გულისხმობს, რომ იყო იმდენად ძლიერი, თვითმყოფადი და თვითკმარი, რამდენადაც ეს შესაძლებელია თანამედროვე გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაში. ახლა აბსოლუტურად დამოუკიდებელი არცერთი ქვეყანა არ არის, ყველანი დამოკიდებულები არიან გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია… სოფლის მეურნეობის სფეროშიც, მაგალითად, ერთ-ერთი გამოწვევა არის სამაცივრე და შემნახველი სისტემები, მოძველებული ტექნოლოგიებია და ტექნოლოგიურადაც უნდა განვვითარდეთ. მოკლედ, უნდა შევამციროთ არსებული ეკონომიკური უთანასწორობა, შევამციროთ იმპორტდამოკიდებულება, ნელ-ნელა გადავიდეთ უფრო მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე და დავიწყოთ მაღალი ღირებულების პროდუქტის ექსპორტი.

ჭიათურის მაგალითი ყველაზე კარგად აჩვენებს ზუსტად ამ გამოწვევას: რაიონს აქვს ძალიან დიდი რესურსი, ეს რესურსი მთლიანად გაედინება, ადგილობრივი მოსახლეობა კი რჩება ვალებში და ჯანმრთელობის პრობლემებით. როცა მათ აქციები ჰქონდათ და გაფიცულები იყვნენ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ის იყო, რომ მშრომელები, ის ადამიანები, ვინც ამ საწარმოში არიან დასაქმებულები, მეტად ჩაერთონ საწარმოს მართვაში და იმაში, თუ როგორ გადანაწილდება მერე მათ მიერ შექმნილი დოვლათი, როგორ მოხმარდება იგი ქალაქსა და რაიონს. ზუსტად აქ შემოდის საწარმოო დემოკრატია. ამ ნაწილში ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რომ მხოლოდ ნაციონალიზაცია არ არის პასუხი, არამედ ნაციონალიზაციასთან ერთად შიდა საწარმოო დემოკრატიაც იყოს განვითარებული: ადამიანებს, ვინც ქმნიან დოვლათს, უნდა ჰქონდეთ და უნდა ეთქმოდეთ სიტყვა იმაზე, თუ როგორ გადანაწილდება ეს დოვლათი და როგორ მოხმარდება და დაუბრუნდება უკან ისევ მათ საჭიროებებს.

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა

მთავარი პრობლემა ალბათ ის არის, რომ მართლმსაჯულების სისტემა მოშლილია და აღარ მუშაობს. ამას ზუსტად ის გავლენა აქვს, რომ ასეთ დროს ადამიანები სამართლიანობის ძიებას ან სხვა გზებით იწყებენ, ან საერთოდ ჩერდებიან, რაც მთლიანად საზოგადოებას აგდებს ნიჰილიზმისა და უიმედობის განცდაში. როგორ გათავისუფლდეს მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომ მუდმივად ამ წრეზე არ ვტრიალებდეთ. იცვლება ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სისტემა შიგნით არ იცვლება და პოლიტიკური გავლენებისგან ვერა და ვერ გათავისუფლდა.

როგორ გათავისუფლდეს, როგორ გადანაწილდეს ინსტიტუციურად და რა ახალი ინსტიტუციური გადალაგება მოხდეს? ერთის მხრივ ისე, რომ ეს სამართლიანი იყოს და, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს რევანშისტული; მეორეს მხრივ, როგორ მოხდეს მთლიანად ამ მართლმსაჯულების სისტემის, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ისე აწყობა, რომ ისევ არ შეიქმნას სიტუაცია, სადაც ერთ დღეში შეიძლება მთლიანად სისტემა ერთ პოლიტიკურ გუნდიდან მეორე პოლიტიკურ გუნდს მიებას. ეს არ იქნება რევანშიზმი და ვერც ამ რაოდენობის თანამშრომლებს გაყრის ვინმე, იმიტომ, რომ ეს ასე ვერ მოხდება. აქ შემოდის კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმები. ამის სხვადასხვანაირი მოდელები არსებობს და ტრანზიციული, გარდამავალი მართლმსაჯულების სისტემების სხვადასხვა გამოცდილება არსებობს სხვა ქვეყნებში. ანუ არსებობს მექანიზმები იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს კეთილსინდისიერების შემოწმება და ახალ სისტემაზე გადაწყობა. დღეს ვხედავთ, რომ საზოგადოებაში ნდობა საერთოდ აღარ არსებობს, არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, არამედ საერთოდ არცერთი საჯარო ინსტიტუტის მიმართ.

უმცირესობები

ჩვენს პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტში ასევე ცალკე გვაქვს თავი გამოყოფილი გარიყული ჯგუფების საჭიროებებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ეს ჯგუფები დგანან, იქნება ეს არადომინანტური რელიგიური ჯგუფები თუ ქვიარები. ფემინისტური სამართლიანობაც ასევე ცალკე გვაქვს გამოყოფილი იმ უხილავ და ზრუნვის შრომაზე, რომელსაც ქალები წევენ ჩვენს საზოგადოებაში. ამ მიმართულებითაც ჩვენი ღირებულებები დგას ზუსტად იმაზე, რომ შევქმნათ ისეთი საზოგადოება, ისეთი ქვეყანა, სადაც ყველასთვის იქნება ადგილი, ყველასთვის იქნება სათანადო, თანასწორი და სამართლიანი პირობები ღირსეულად არსებობისთვის; რომ არ იყოს არცერთი ჯგუფი რაიმე ნიშნით დისკრიმინირებული თუ გარიყული საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და ყველას ჰქონდეს ამ საზოგადოებაში თანასწორად განვითარების საშუალება.

საგარეო კურსი

ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება იმას, რომ ჩვენს შიგნით სამოქალაქო უსაფრთხოება გაძლიერდეს. სამოქალაქო უსაფრთხოების გაძლიერება გულისხმობს არა მხოლოდ მილიტარიზაციას, არა მხოლოდ სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, უსაფრთხოება არ არის მხოლოდ ჯარი, არამედ უსაფრთხოება იწყება, პირველ რიგში, მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერებით. საგარეო კურსის მიმართულებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის მომხრე ვართ და ჩვენი გუნდი იმ აქციებშიც მაგიტომ იყო ჩართული, რომ ევროინტეგრაციას, პირველ რიგში, ვხედავთ როგორც განვითარების საშუალებასა და ინსტრუმენტს, ასევე როგორც საშუალებას მშვიდობისთვის. ევროკავშირი და ევროინტეგრაცია ჩვენ გვჭირდება, პირველ რიგში, მშვიდობისთვის და მშვიდობის გარანტიებისთვის. რუსეთს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ როგორც ოკუპანტ ქვეყანას და, პირველ რიგში, ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება იმას, რომ ჩვენს შიგნით სამოქალაქო უსაფრთხოება გაძლიერდეს.

რეაქცია რეაქციაზე

მას შემდეგ, რაც განაცხადი გავაკეთეთ, რომ პოლიტიკურ პარტიად დავფუძნდით, ძალიან მრავალფეროვანი გამოხმაურებები მივიღეთ, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. ერთი მხრიდან იყო ბრალდებები, რომ ჩვენ ვართ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მორიგი პროექტი და ჯიბის ოპოზიცია, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა პარტიების გაუქმების ფონზე განვაცხადეთ ეს. მეორე მხრიდან იყო ბრალდებები, რომ ჩვენ ვართ მორიგი „გლობალური ომის პარტიის“ მიერ მართული პროექტი. ყველანაირი ტიპის კრიტიკა იყო, მაგრამ ასევე ვნახეთ მხარდაჭერაც.

განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მხარდაჭერა ახალი პოლიტიკური პარტიებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება იდეოლოგიურად განსხვავებულ პლატფორმებზე ვიდგეთ, ამ პარტიებმა და მათმა წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნას. ეს ძალიან კარგია და მეტყველებს იმაზე, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენც და სხვებსაც, რომლებიც 2024 წლის შემდგომი პროცესებიდან და ამ წინააღმდეგობიდან ამოვიზარდეთ და შევიქმენით, ზუსტად ეს პასუხისმგებლობა გვესმის: ამ ქვეყანაში საჭიროა ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება და სულ სხვანაირი პოლიტიკური ოპონირება – ხედვებზე, იდეებზე, შინაარსზე და არა პიროვნული დაპირისპირებები.

იყო ასევე მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან, ვინც შეიძლება საერთოდ არ იზიარებს მემარცხენე ღირებულებებს, მაგრამ ზოგადად მიესალმება იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში არსებობდეს მემარცხენე, მყარი, ორგანიზებული ჯგუფი ანუ პარტია, რომელიც თავისი იდეოლოგიიდან გამომდინარე გაატარებს იმ საკითხებს, რაც ნებისმიერი მემარცხენისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. ბევრმა ამ მიმართულებითაც გამოხატა მხარდაჭერა. მთავარი საქმე უკვე იქნება ის, რომ რაც შეიძლება მეტ ჯგუფზე გავიდეთ, საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილს მივაწოდოთ ჩვენ შესახებ ინფორმაცია და ვუთხრათ, რომ ის ახალი ალტერნატიული ძალა, რომელზეც საზოგადოებაში მოთხოვნაა, არსებობს და მოვიწვიოთ ისინი ამ მშენებლობის პროცესში.