ახალი ამბები

საპროტესტო ბანერის გამო შოთა თუთბერიძეც 500 ლარით დააჯარიმეს

28 სექტემბერი, 2023 •
საპროტესტო ბანერის გამო შოთა თუთბერიძეც 500 ლარით დააჯარიმეს

დღეს, 28 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გოჩა ჩაგუნავამ TDI-ს იურისტი შოთა თუთბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.

თუთბერიძე 2 ივნისს პოლიციამ  დააკავა პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი ფორმით პლაკატით ხელში ყოფნის გამო. იგი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„დღეს კი, მშვიდობიანი გამოხატვის გამო, რუსეთისთვის დამახასიათებელი მეთოდით დაკავებული შოთა თუთბერიძე, იგივე ავტორიტარული ლოგიკით ცნო სასამართლომ სამართალდამრღვევად (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი, წვრილმანი ხულიგნობა). იმავე მიზეზით პოლიციამ 2 ივნისს სხვა უფლებადამცველები და აქტივისტებიც დააკავა, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში სასამართლომ ასევე დააჯარიმა“, — ნათქვამია TDI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის მეირ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დაკავების დროს შოთა თუთბერიძე პარლამენტის კიბეებთან იჯდა და ხელში საპროტესტო ბანერი ეჭირა.

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა „ჯიუტის“ მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

პოლიცია პარლამენტის კიბეზე მყოფ მოქალაქეებს ხელს უშლიდა მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარებაში და ხელიდან გლეჯდა სხვადასხვა შინაარსის პლაკატებს, მათ შორის — ცარიელ ფურცლებსა და ფურცლებს წარწერით — „ირაყლი“.

დაკავებულებს შორის იყვნენ, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც დაპატიმრების მომენტში ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა, „ღია საზოგადოება ფონდის“ თანამშრომელი საბა ბრაჭველი, რომელიც აქციაზე იყო ბანერით, წარწერით „ირაყლი“, და აქტივისტები: ნიკა რომანაძე, გრიგოლ ფრანგიშვილი და ნოდარ სიხარულიძე. ყველა მათგანი გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო ხულიგნობის მუხლით და 500-500 ლარით დააჯარიმა, გარდა ნოდარ სიხარულიძისა, რომელიც 2 000 ლარით დააჯარიმეს.

ამ თემაზე წაიკითხეთ: „პანორამა არა *ლე“ და „ირაყლი“ — როგორ უგულებელყო სასამართლომ სტრასბურგის პრაქტიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი