„მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობას, ძალაუფლების მონოპოლიზებას, ადამიანის თავისუფლებისა და პიროვნული ღირსების შელახვას ცდილობს, არსობრივად შეუთავსებელია ქრისტიანული ეკლესიის მისიასთან“, — აცხადებს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ვერ დაეფუძნება ძალაუფლების უპირობო ლეგიტიმაციას, როდესაც ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფალი პოლიტიკური ნების შეზღუდვის ხარჯზე ცდილობს.
„პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის. ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ნების შეზღუდვა და დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის თანდათანობით გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც მმართველი ძალა თავად წყვეტს, ვის აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და ვის არა, იგი საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებს, მოქალაქეს კი ართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას. ასე იწყება დემოკრატიული წყობის დემონტაჟი, გზა ავტორიტარიზმისკენ მიდის და შეუზღუდავი ძალაუფლების პირობებში დიქტატურის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს. ასეთ ვითარებაში კანონი სამართლიანობის დაცვის ნაცვლად ძალაუფლების შენარჩუნების იარაღად იქცევა, შიში ცვლის თავისუფალ აზრს, საზოგადოებრივი თანხმობა კი იძულებით მორჩილებას უთმობს ადგილს. საბოლოოდ, იზღუდება ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილების შესაძლებლობა, სუსტდება სახელმწიფო ინსტიტუტები და ირღვევა საზოგადოებრივი ნდობა“, – წერს მთავარეპისკოპოსი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური ალტერნატივის ჩახშობას იწყებს, იგი მხოლოდ მოწინააღმდეგეს არ ებრძვის, არამედ იმ საფუძველს ანგრევს, რომელზეც თავისუფალი სახელმწიფო დგას.
„ქვეყნის მომავალი ვეღარ განისაზღვრება მოქალაქეთა თავისუფალი ნებით და ძალაუფლება თავად იქცევა საკუთარ კანონად. ასეთ გზაზე ყალიბდება სახელმწიფო, რომელშიც მოქალაქე ხელისუფლების წყარო აღარ არის, არამედ მისი მორჩილების ობიექტია“, — წერს ზენონ იარაჯული.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ სარჩელს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.
სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
