ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალის, ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში ჩაერთვება მისი მკურნალი რეანიმატოლოგი სამოქალაქო კლინიკიდან. ეს პირობა მიიღეს ციხის ადმინისტრაციისგან ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ და ნდობით აღჭურვილმა ექიმმა, ანი ქავთარაძემ.
თუთბერიძე და ქავთარაძე ხოშტარიას სანახავად რუსთავის ქალთა ციხეში მას შემდეგ შევიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ პატიმარი ქალის მდგომარეობა დამძიმდა. ისინი, გარდა იმისა, რომ მოინახულეს თავად ხოშტარია, შეხვდნენ პენიტენციური სამსახურის დირექტორს, ციხის დირექტორს და ციხის მთავარ ექიმს.
როგორც ექიმი ანი ქავთარაძე ამბობს, არსებობს ეჭვი, იმ ქრონიკული დაავადებების გარდა, რომელიც ელენე ხოშტარიას დაკავებამდეც ჰქონდა, მას აქვს კიდევ ერთი მძიმე დაავადება. იმ შემთხვევაში, თუ გამოკვლევების შემდეგ ხოშტარიას ეს დაავადება დაუდასტურდება, ქავთარაძის შეფასებით, აუცილებელია პატიმრის გადაყვანა მაღალტექნოლოგიურ სამოქალაქო კლინიკაში.
“დაკარგულია არაერთი დღე, წუთი, საათი, რომლის დროსაც უნდა მომხდარიყო საბოლოო დიაგნოსტირება და ელენეს მდგომაროების მართვა-გაუმჯობესება და მკურნალობა, რაც დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, სახეზე არ გვაქვს. ელენეს კლინიკური მდგომარეობა არის დამძიმებული, გაუარესებული უკიდურესად. მათ შორის, წინა დღეებთან შედარებით. შესაბამისად, უაღრესად მნიშვბელოვანია სწრაფად მოქმედება, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და მკურნალობის დროულად დაწყება.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი სხვა კოლეგების მოსაზრებითაც, იმ დიაგნოზის მართვა და მკურნალობა, რომელზეც ჩვენ გვაქვს ეჭვი, პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, არაერთი სხვა დაავადება გადატანილი. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისიწნებით, ის საჭიროებს სამკურნალო სერვისების მიღებას მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. ის იტანჯება ტკივილით და მე, როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ასეთი ტიპის ძლიერი, ქრონიკული ტკივილის, მუდმივი ხასიათის ტკივილის არსებობა და ადეკვატური მართვის არარსებობა, შეიძლება ითქვას, რომ უტოლდება წამებას ციხის პირობებში. ეს პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაჭრილი”, – განაცხადა ანი ქავთარაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მადლობა გადაუხადა ციხის ადმინისტრაციას დღევანდელი შეხვედრის შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ მასთან ერთად ხოშტარიას მონახულება შეძლო მისი ნდობით აღჭურვილმა ექიმმა, ანი ქავთარაძემაც. თუთბერიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაზეც ხოშტარიას პარტიის წევრები და მისი ინტერესების დამცველები კვირებია საუბრობენ – რომ ციხეში მას სათანადოდ არ მკურნალობენ.
“ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ ელენეს ჯანმრთელობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებში ჩაერთვება ნდობით აღჭურვილი ექიმი სამოქალაო კლინიკიდან. ამასთან, მივიღეთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა აუცილებელ მკურნალობა მას უნდა ჩაუტარდეს. ციხის ადმინისტრაცია ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
ამავე შევედრაზე ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ რამდეიმე კვირის განმავლობაში, ნამდვილად არსებობდა და ნამდვილად არსებობს დღემდე. მე იმედი მაქვს, ჩვენ არ დავაგვიანეთ ისე, რომ უკვე შეუქცევად შედეგებთან გვქონდეს საქმე. თუმცა ვიზუალური დაკვირვებით, მე, როგორც არა ექიმმა, შემიძლია ვთქვა, რომ ელენეს მდგომაროება დღითიდღე უარესდება. ბოლო საათების განმავლობაშიც კი მისი მდგომარეობა გაუარესებულია”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
17 ივნისს ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც ციხეში სათანადოდ არ მკურნალობენ, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმდება და შესაძლოა, უახლოეს მომავალში ეტლის გარეშე გადაადგილება ვეღარ შეძლოს.
ამავე თემაზე:
