გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი, ლაშა ნადარეიშვილი ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაპატიმრებას შურისძიებად აფასებს და სოლიდარობის ნიშნად, ხელისუფლებას მისი დაკავებისკენაც მოუწოდებს.

ნადარეიშვილის განცხადებით, ჟურნალისტს საბოტაჟისა და ღალატის ბრალდება მხოლოდ იმის გამო წაუყენეს, რომ მან დავითგარეჯის სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით კითხვები დასვა და ინტერვიუ ჩაწერა პირთან, რომელმაც მთავრობა მიწების გასხვისებაში დაადანაშაულა.

გაზეთის რედაქტორი მომხდარს 1937 წლის რეპრესიებს ადარებს, ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და იმედოვნებს, რომ საზოგადოება აღნიშნულ სადამსჯელო ქმედებებზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

“ნეტგაზეთი” ასავალ-დასავალი მთავარი რედაქტორის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“თუ საქართველოს სიყვარული და მისი ერთგულება მავანთათვის ღალატია, მაშინ პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი!

როგორც ჩანს, სამშობლოს სიყვარულისათვის საქართველოში ადამიანებს უკვე ხელაღებით იჭერენ, რისი თვალსაჩინო მაგალითია “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, უდიდესი პატრიოტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორის, პროფესორ დიტო ჩუბინიძის დაპატიმრება. ეს სამარცხვინო შურისძიება მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ აწ განსვენებულმა ლაზარე ჯორბენაძემ, მოქმედი ხელისუფლება დავითგარეჯის სადაო ტერიტორიების აზერბაიჯანისათვის გადაცემაში დაადანაშაულა და ჟურნალისტმაც აღებულ ინტერვიუში უცვლელად დააფიქსირა მისი ნათქვამი.

ჰქონდა კი დიტო ჩუბინიძეს უფლება, არ მიემართა ხელისუფალთათვის, რათა სიცხადე შეეტანათ ჩიჩხიტურის კოშკისა და აღდგომის ტაძრის გასხვისება-არგასხვისების საკითხში? როგორც ცნობილია, პიროვნება, ვისგანაც მან ინტერვიუ აიღო, სულ რაღაც ორიოდ თვეში ჩამომხრჩვალი იპოვეს და გიჟადაც კი გამოაცხადეს. ანკი რა შუაშია საბოტაჟი და სამშობლოს ღალატი, როდესაც ჟურნალისტი სრულიად ლეგიტიმურ კითხვას სვამს – რატომ ვეღარ ავდივართ საქართველოს იმ ქრისტიანულ სიწმინდეებთან, რომლებიც ბოლო წლებში უკვე აზერბაიჯანული სახელებით მოიხსენიება?

ამის თაობაზე პირადად მე პრემიერსაც მივმართე – გაგვიძეხი დავით გარეჯისკენ, რათა მთელ საქართველოს ვაჩვენოთ, რომ ის ადგილები, სადაც 1616 წელს, აღდგომის ღამეს, შაჰ-აბასმა 6000 ბერის სისხლი დაღვარა, ისევ ჩვენია–მეთქი. პასუხად – დუმილი! უფრო მეტიც, დიტო ჩუბინიძის დაპატიმრება და სამშობლოს მოღალატეთა წინააღმდეგ მებრძოლისათვის სამშობლოს მოღალატის მუხლის წაყენება!

თუ საქართველოს სიყვარული და მისი ერთგულება მავანთათვის ღალატია, მაშინ პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი! აკი, ჩემს უკანასკნელ პოეტურ კრებულსაც სწორედ ასე ერქვა “ეშაფოტზე წარმოსათქმელი ლექსები.” და ვინ იცის, იქნებ იყო კიდეც ამაში მისტიური წინაგრძნობა იმისა, რომ საქართველოში არც თუ შორეულ მომავალში კვლავ შემოგრიალდებოდა 37 წლის “ჩორნი ვორონი” თავისი იაგოდებით, ეჟოვებითა და შაშურკინებით.

ჩვენ, ასავალ-დასავალის თანამშრომლებმა, ვინც 2007 წლის აგვისტოში, შუაღამისას, ავადსახსენებელმა სააკაშვილის რეჟიმმა გამომცემლობა “სამშობლოდან” გამოგვყარა, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ახალ ხელისუფლებას აღარასოდეს გაემეორებინა წარსულის შეცდომები, მაგრამ კვლავ სადამსჯელო მანქანის წინაშე აღმოვჩნდით ერთი უწყინარი შეკითხვის გამო – რატომ დგანან ჩიჩხიტურის კოშკთან და აღდგომის ტაძართან უცხო ქვეყნის მესაზღვრეები და რატომ გვიკრძალავენ ამ სიწმინდეებთან მიახლოებას?

და მაინც მჯერა, ჯურღმულებიდან წამოსული თავისუფალი სიტყვა აუცილებლად მისწვდება დემოკრატიული მსოფლიოს უმაღლეს ეშელონებს, რათა ვეღარავინ შეძლოს, სამშობლოს მოღალატის დამღით ბარიერთან მიაყენოს დიტო ჩუბინიძისნაირი მამულიშვილნი, ვისაც ჩემსავით გულის ფიცარზე აწერია ჩემს მიერვე ოდესღაც ლექსად თქმული შეგონება:

ღმერთმა ჭირი გვაშოროს და შოთას ფრესკა არვინ შალოს…

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს! …”


„ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის საბოტაჟის ბრალდებით, სამშობლოს ღალატის მუხლით ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ დაკავებული ჟურნალისტის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნონა ფილაურმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბარში განმარტავს, საქმეზე მტკიცებულებების სახით არა რაიმე გასაიდუმლოებული დოკუმენტები, არამედ ჟურნალისტის საჯარო გამოსვლები და მის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები ფიგურირებს.

მისივე თქმით, დიტო ჩუბინიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და მომხდარით გაოგნებულია.

„მის საქმეში არ ფიგურირებს არავინ და არაფერი. დანაშაული მატერიალურად მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას შეუშალა ხელი თავისი საჯარო გამოსვლებით. ეს არის ბრალის ფორმულირება. საქმეში დართულია მისი საჯარო გამოსვლები, როგორც მტკიცებულება, და ჩემი ვარაუდით, მოწმის სახით დაკითხულები არიან ამ კომისიის წევრები. ბრალის დადგენილების მიხედვით, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის“, — აცხადებს ნონა ფილაური „ნეტგაზეთთან“.

დაცვის მხარისთვის სრულიად გაუგებარია ლოგიკა, რომლითაც გამოძიება ხელმძღვანელობს. ადვოკატის თქმით, ჩუბინიძე მხოლოდ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც რესპონდენტებს ინტერვიუებს ართმევდა და მათ პოზიციებს ასაჯაროებდა.

„საერთოდ ვერ მიხვდა [დიტო ჩუბინიძე], რატომ უნდა დაისაჯოს ჟურნალისტი იმისთვის, რომ როდესაც ინტერვიუს წერს, რასაც გადმოსცემს კონკრეტული პიროვნება, ის აგებს ხომ პასუხს თავის ინფორმაციაზე?! ის ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა, როგორც ჟურნალისტს. რით დაზიანდა ამით კომისია? ცოტა მეც გამიკვირდა, როგორც ადვოკატს. კომისიას ზურგს სახელმწიფო უმაგრებს, ეხმარება, რომ თავისი საქმე გააკეთოს. დიტო ჩუბინიძემ თავისი გამოსვლებით როგორ უნდა შეუშალოს ხელი? ის არ არის სპეციალისტი, ჟურნალისტია. მაშინ ყველა ჟურნალისტი უნდა დაიჭირო — „შენ ეს ინტერვიუ იმიტომ ჩაწერე, რომ ვიღაცის წინააღმდეგი ხარ“. ვფიქრობ, გამოძიების მხრიდან ეს გაუგებარი და ბუნდოვანი მიდგომაა“, — აღნიშნავს ნონა ფილაური.

საქმე ამ ეტაპზე გასაიდუმლოებული არ არის. როგორც ადვოკატი ხსნის, ჟურნალისტს რაიმე სახის სახელმწიფო დოკუმენტი არ მოუპარავს და არც გაუყალბებია, შესაბამისად, გამოძიება სრულად ღია წყაროებით გავრცელებულ მასალებს ეყრდნობა.

ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. გამოძიების პრაქტიკიდან გამომდინარე, ადვოკატი ვარაუდობს, რომ პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს. დაცვის მხარეს საქმის სრულ მასალებსა და გამოკითხვის ოქმებზე წვდომა სასამართლო სხდომის წინ ექნება, რის შემდეგაც საქმის დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.