ახალი ამბები

სტრასბურგმა დაადგინა, რომ თურქეთში გიულენის მოძრაობის წევრობის ბრალდებით დაპატიმრებული მასწავლების უფლებები დაირღვა

28 სექტემბერი, 2023 • 1365
სტრასბურგმა დაადგინა, რომ თურქეთში გიულენის მოძრაობის წევრობის ბრალდებით დაპატიმრებული მასწავლების უფლებები დაირღვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთმა ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული მასწავლებლის უფლებები დაარღვია. გადაწყვეტილება თურქეთის იუსტიციის მინისტრმა მალევე გააკრიტიკა.

საუბარია იუქსელ იალჩინქაიას საქმეზე, რომელსაც აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთულა გიულენის მოძრაობის წევრობას ედავებოდნენ, რომელიც თურქეთის ხელისუფლებას ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული. ის გიულენს გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას ედავება.

სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები, რომლებიც კანონგარეშე გასამართლების აღკვეთას, საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასა და შეკრებისა და გაერთიანების უფლებას ეხება.

თურქეთის ქალაქ ქაისერის სასამართლომ იალჩინქაიას 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა 2017 წელს მიუსაჯა გიულენის მოძრაობის წევრობის ბრალდებით, რომელსაც ანკარა “ფეთოს შეიარაღებულ ტერორისტულ ორგანიზაციად” მოიხსენიებს.

როგორც Euronews წერს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ პედაგოგის გასამართლება დიდწილად დაფუძნებული იყო მობილური აპლიკაციის გამოყენებაზე, რომელიც დაშიფრული მოკლეტექსტური შეტყობინებების გასაგზავნად გამოიყენება. საუბარია აპლიკაციაზე ByLock, რომელსაც, თურქეთის ხელისუფლების ვერსიით, გიულენის მოძრაობის წარმომადგენლები იყენებდნენ.

სასამართლოს განცხადებით, დამატებით მტკიცებულებებს შორის იყო ანგარიშის ქონა გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებულ ბანკში, ასევე, იმ ასოციაციებისა და გაერთიანებების წევრობა, რომლებიც, თურქეთის თანახმად, “ფეთოსთან არის ასოცირებული”.

სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთის სასამართლოს ასეთი ცალსახა მიდგომა ByLock-ის მომხმარებელთა მიმართ სცილდება ეროვნულ კანონმდებლობაში მოცემულ მოთხოვნებს, ისევე, როგორც ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მეშვიდე მუხლს, რომელიც გულისხმობს თვითნებური სასჯელისაგან დაცვის ეფექტური მექანიზმების უზრუნველყოფას.

სტრასბურგმა თურქეთს დააკისრა იალჩინქაიასთვის სასამართლოს ხარჯების — 15 000 ევროს — გადახდა, თუმცა არ დააკმაყოფილა პედაგოგის მოთხოვნა “არამატერიალური ზიანის” კომპენსაციისთვის.

თავის გადაწყვეტილებაში სტრასბურგმა ასევე თქვა, რომ ევროპის სასამართლოში შესულია 8,500-მდე საქმე, რომელიც მსგავს საჩივრებს მოიცავს და ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან თურქეთის ხელისუფლებას გამოვლენილი ჰყავს დაახლოებით 100,000 ადამიანი, რომელიც ByLock-ს მოიხმარდა.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ პედაგოგის ადვოკატმა იოჰან ჰეიმანსმა სასამართლოს პოზიცია შეაფასა, როგორც “გარდამტეხი გადაწყვეტილება”, ვინაიდან თურქეთში მრავალი ასეთი საქმეა გახსნილი.

თავის მხრივ, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ თუნჯმა გააკრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილება, აღნიშნა რა, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა, რითაც თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.

ფეთულა გიულენი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელია. ერთ დროს მისი მოძრაობა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” ახლო მოკავშირე იყო, თუმცა მათი გზები 2013 წელს მომხდარი კორუფციული სკანდალის შემდეგ გაიყო.

გადატრიალების მცდელობა, რომლის ორგანიზებაშიც ერდოღანის ხელისუფლება გიულენს ადანაშაულებს, 2016 წლის 15 ივლისს მოხდა. სტამბოლსა და ანკარაში განვითარებული დრამატული პროცესების დროს 251 ადამიანი დაიღუპა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა. გიულენი პროცესში მონაწილეობას უარყოფს.

აღნიშნულის შემდეგ, ხელისუფლებამ წმენდა ჩაატარა სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში. თანამდებობებიდან ათობით ათასი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. როგორც თურქული გამოცემა Duvar წერს, ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ღონისძიებით სახელმწიფო აპარატი გიულენისტებისგან გაწმინდა, თუმცა მასობრივ გათავისუფლებებში მრავალი ქურთი, მემარცხენე და პროფკავშირების წევრი მოჰყვა.

არქივიდან:

რა მოხდა ყირგიზეთში და რისი ეშინიათ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში

რა მოხდა ყირგიზეთში და რისი ეშინიათ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი