საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას ახალი მრჩეველი ჰყავს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ეროვნულ ბანკში განუცხადეს.
კერძოდ, უსაფრთხოების საკითხებში ნათია თურნავას მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დაინიშნა. აქამდე მსგავსი პოზიცია სებ-ში არ არსებობდა და სებ-ის პრეზიდენტს მრჩეველი მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებში ჰყავდა. აღნიშნული მრჩევლის პოზიციას კი გიორგი ბაქრაძე იკავებს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
რაც შეეხება მალხაზ ღუღუნიშვილს, ნათია თურნავას მრჩევლად დანიშვნამდე, სებ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო.
როგორც სებ-ში აცხადებენ, მალხაზ ღუღუნიშვილს უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გიორგი ფერაძე შეცვლის, რომელიც აქამდე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
20 სექტემბერს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.
ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.
რამდენიმე ბანკმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.