პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო.
თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ახალი თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლიდან სავალდებულო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოუწევთ.
ამას გარდა, ახალი თავდაცვის კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალაში შედის ცვლილება, რომლითაც „მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონა სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლად აღარ ჩაითვლება და არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს მოუწევთ სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, არასამხედრო ფორმით გავლა.
თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება(კონკორდატი) არსებობს.
ახალი თავდაცვის კოდექსით, წვევამდელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის 1 წლით გადავადებისთვის 5 000 ლარის გადახდა მოუწევს. პირს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავადების უფლებით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთხელ 25 წლის ასაკამდე.
„თავდაცვის კოდექსი“ აუცილებელია იმ მიზნების მიღწევისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას, სამხედროებისათვის სოციალური გარანტიების დაწესებას. იმ რეფორმებით, რასაც თავდაცვის კოდექსი მოიცავს, მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, ნატო-ს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.