საზოგადოება

რატომ არ უნდათ სავალდებულო ჯარი? — არგუმენტები

23 მარტი, 2023 • 4583
რატომ არ უნდათ სავალდებულო ჯარი? — არგუმენტები

რამდენიმედღიანი განხილვის შემდეგ,  დღეს, 23 მარტს,  პარლამენტში ახალი თავდაცვის კოდექსის პირველი მოსმენით კენჭისყრა ვერ გაიმართა. მიზეზად კვორუმის არარსებობა დასახელდა.

ცვლილებები, პირველ რიგში, შეეხება „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების საშუალებას აძლევდა.

იმ შემთხვევაში, თუ ახალი თავდაცვის კოდექსი ძალაში საბოლოოდ შევა, „გირჩი“ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას აანონსებს, მიზეზი სამხედრო სავალდებულო სამსახურია, რომელსაც საზოგადოების ნაწილი, მათ შორის „გირჩის“ მხარდამჭერები, „მონობად“ აფასებენ.

ნეტგაზეთი ესაუბრა ახალგაზრდებს, რომლებიც თავდაცვის ახალ კოდექსსა და სამხედრო სავალდებულო სამსახურს არ ეთანხმებიან.

რატომ მიაჩნიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური „მონობად“?

20 წლის თემო ჩიბარაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ქვეყანას მოტივირებული ადამიანებით დაკომპლექტებული ჯარი სჭირდება და არა — სამხედრო სამსახურში იძულებით წაყვანილები.

ის პირად მაგალითზე გვიხსნის, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა მა სშეუქმნის როგორც კარიერულ, ისე ფინანსურ პრობლემებს.

„იმ შემთხვევაში, თუკი ეს კანონი დამტკიცდება და მე გამიწვევენ სამხედრო-საყარაულო სამსახურში. პირველ რიგში, ჩემი ოჯახი, რომელიც შედგებოდა ორი ადამიანისაგან, ავტომატურად დაკარგავს ერთ თანამებრძოლს, ანუ  მე ვეღარ ვიქნები ჩემი ცოლის გვერდით ვერც ემოციური, ვერც მატერიალური თუ ფინანსური თვალსაზრისით. ჩემი კარიერა, რომელსაც რამენიმე წელია ვაშენებ შრომით, ბევრი სწავლითა და წვალებით, ავტომატურად ინგრევა, რადგან IT-ში დაკარგული ერთი წლის შემდეგ ყველაფერი, რაც 2020 წლიდან ვაშენე, მომიწევს, რომ თავიდან დავიწყო და თავიდან შევქმნა ჩემი რეზიუმე და დავიმკვიდრო თავი, როგორც პროფესიონალმა.

მე ვერ დავფარავ ჩემს საბანკო ვალდებულებას მათ მიერ შემოთავაზებული 125-ლარიანი ხელფასით, შესაბამისად, ჩემი სესხი გადადის ყოველთვე ვადაგადაცილებაში, მიყადაღდება ყველა ანგარიში, რომელიც მაქვს და ყველა გადასახდელ თანხას ემატება ჯარიმები. ციფრებში რომ გადავიტანოთ ეს ყველაფერი, ჩემი სავალდებული საყარაული ჯარში გაწვევიდან 1 წლისთავზე, როცა მე ჯარიდან დავბრუნდები, ვიქნები 21 წლის და ვიქნები 20 ათასი ლარით უფრო უკან, ვიდრე ვიყავი ჯარში გაწვევამდე. რეალურად, სახელმწიფოს სურს, რომ არ გავაკეთო არაფერი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად, ანუ უბრალოდ დავდგე  და დავიმახსოვრო შკოდას ნომრები, რომელიც არის შესამოწმებელი“, — ამბობს თემო ჩიბარაშვილი.

თემო ჩიბარაშვილი

თემო ჩიბარაშვილს მიაჩნია, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ძალდატანებითია და არ ასახავს ადამიანის თავისუფალ ნებას, ხარისხიანად არასოდეს გაკეთდება. მისი თქმით, ის მომზადება, რასაც 2025 წლამდე წვევამდელებს სთავაზობენ, რეალურად, ადამიანს არანაირ სამხედრო ცოდნას არ აძლევს.

„ადამიანმა, რომელმაც 1 წელი უბრალოდ შლაგბაუმის გაღებასა და დახურვაში უნდა დახარჯოს, არ არის პროფესიონალი ჯარისკაცი. არაფრით არ არის მეტი სამხედრო ცოდნის თვალსაზრისით იმ მოქალაქაზე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური. შესაბამისად, „ვიშკაზე“ მდგომი და შლაგბაუმის გამღები ბიჭები ვერ დაიცავენ ქვეყანას, ხოლო ის კარგი პირობები, რომელსაც გვიპრდებიან — ავიღებთ ფინეთის და ლიეტუვის მოდელსო, ეს ყველაფერი ამოქმედდება 2025 წელს. მანამდე ზუსტად იმ ჯარში გაგვიწვევენ, რომელზეც თავადვე ამობენ, რომ არ მოსწონთ და  შესაცვლელია, მაგრამ არ გვაქვს შესაბამისი რესურსიო.

მთავრობა პირდაპირ გვეუბნება, რომ არსებული ჯარი არ ზრდის თავდაცვის უნარიანობას, ადამიანების მოტივაციას, პატრიოტი ადამიანების რაოდენობას და არ ზრდის საომარი მდგომარეობის დროს გამოყენებად რეზერვს. 1 წლის განმავლობაში 9 ტყვიის გასროლა იმის გამო, რომ შეეჩვიო ხმას და უბრალოდ იცოდე როგორია ავტომატი, არ ვფიქრობ, რომ გაყალიბებს კარგ ჯარისკაცად, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლება, რომ საკუთარი სიცოცხლე გაწიროს ამ ქვეყნისთვის“, — უთხრა თემო ჩიბარაშვილმა ნეტგაზეთს.

მისი თქმით, ჯართან დაკავშირებული ყველაფერი საკონრაქტო უნდა იყოს და არა სავალდებულო.

„ამის ფინანსური რესურსი სახელმწიფოს საკმაოდ ბევრი აქვს. მათ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით ჯარისკაცის ხელფასი იქნება 125 ლარი 2025 წლიდან, დღეს ამდენიც არ არის. დავთვალეთ და ჯარი ნებაყოფლობითი რომ ყოფილიყო და ჯარისკაცის შემოსავალი ერთი 0-ით მეტი, სახელმწიფოს ეს წელიწადში დაახლოებით დაუჯდებოდა 30-დან 40 მილიონამდე.

„პირველი არხის“ ბიუჯეტი წელს არის 101 მილიონი ლარი, ეს იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე რეალურად კარგი ჯარის ჩამოყალიბებას სჭირდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ბიუჯეტში მოიძებნება იმის 30 თუ 40 მილიონი, რომ ჩვენს ჯარისკაცს დავუფასოთ თავდადება და შრომა, რომელსაც ის ქვეყნის წინაშე იჩენს“, — მიიჩნევს თემო ჩიბარაშვილი.

კიდევ ერთი ადამიანი, ვინც სამხედრო სავალდებულო სამსახურს არ ეთანხმება, 25 წლის ირაკლი ჭრელაშვილია. ის საქართველოში 8-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, შარშან დაბრუნდა და იმ შემთხვევაში, თუ ახალი თავდაცვის კოდექსი ძალაში შევა, ისევ ქვეყნის დატოვებას აპირებს.

მისი თქმით, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნის სტრატეგია არა ჯარის მრავალრიცხოვნობაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესა და საერთაშორისო ურთიერთობებზე უნდა იყოს გათვლილი. მისი აზრით, სწორედ ამ მიმართულებით მის მიერ გაღებული წვლილი უფრო დაეხმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

ირაკლი ჭრელაშვილი

„ამერიკაში ვცხოვრობდი ძალიან დიდხანს, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემს ქვეყანაში მეცხოვრა და გამომეყენებინა იქ მიღებული განათლება და კვალიფიკაცია. ამ 8 წლის შემდეგ ჩამოვედი შარშან მარტში და ახლა წლისთავზე მიწევს ჩემი უფლებების დაცვა, რომ მე არ მომიწიოს ისევ უკან წავიდე, რადგან ეს მოხდება ჩემ შემთხვევაში. მე არ ვაპირებ შლაგბაუმთან დადგომას და ისევ წავალ ამ ქვეყნიდან, თუ ისინი ამას მაიძულებენ. მე არ მინდა წასვლა და არ მინდა, რომ ამის აუცილებლობა დამიდგეს. ჩემი ისტორია საკმაოდ მსუბუქია, ათიათასობით ადამიანს არანაირი ბერკეტი არ ექნება ამ ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ და ეს არის ტრაგედია.

მე საქართველოდან ამერიკის კომპანიაში ვმუშაობ ონლაინ, ხელფასი მერიცხება ამერიკული ეკონომიკიდან და ერთ-ერთი სარგებელი, რაც მომაქვს საქართველოსთვის, არის ის, რომ ამერიკის ეკონომიკიდან საქართველოს ეკონომიკაში შემომაქვს ერთგვარი ინვესტიცია ჩემი ხელფასის სახით. ეს ყველაფერი დაიკარგება, მე სამსახურს დავკარგავ და ჩემი შრომა იქნება თითქმის 100 ლარი თვეში 1 წლის განმავლობაში და ეს დამანგრეველი იქნება ჩემი ცხოვრებისთვის“, — ამბობს ნეტგაზეთთან ირაკლი ჭრელაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით, სამხედრო სავალდებულო სამსახური სტუდენტებს აღარ შეეხებათ, ახალი თავდაცვის კოდექსი არ მოსწონს არც თეიმურაზ გიორგაძეს, რომელიც დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას სავალდებულო სამხედრო სამსახურის არიდების მიზნით მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება შეუძლია, მისთვის ჯარის მსგავსი რეფორმა არასწორი და არაეფექტურია როგორც ხარჯობრივად, ისე ჯარის მორალის მხრივ.

მას მიაჩნია, რომ სჯობს ის თანხა, რაც წვევამდელებზე უნდა დაიხარჯოს, სახელმწიფომ ტექნიკის შეძენას მოახმაროს.

„ბევრი არამიზანმიმათული და არასტრატეგიული ხარჯია. ფაქტია, რომ  ამ მთავრობას არ უნდა ჯარის გაძლიერება. რეალურად რომ სურდეთ ამის გაკეთება, ბევრად უფრო მეტს დახარჯავდა  და არა ახალგაზრდებს დაერეოდა, რომლებიც მუშაობენ და ბიუჯეტში შეაქვთ ფული.

უკრაინამ აჩვენა, რომ ტექნიკით და იმ ძალისხმევით, რაც იმ დროს ჰქონდათ, შეძლეს, რომ რუსული ჯარი შეეჩერებინათ. მგონია, რომ ქართველები არ ვართ ლაჩარი ხალხი და არავინ გაურბის ჯარს, ხალხი გაურბის იმ სავალდებულო და არასაჭირო ნორმებსა და სიტუაციას, რასაც დღეს ხედავს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. თუ ქვეყანას დასჭირდება, მეეჭვება, ვინმემ უკან დაიხიოს თავისი ქვეყნისთვის“, – ამბობს თეიმურაზ გიორგაძე.

თეიმურაზ გიორგაძე

ამასთან, თეიმურაზ გიორგაძე ხედავს იმის საფრთხესაც, რომ თუ თავდაცვის ახალი კოდექსი ძალაში შევა, ის მთავრობის ხელში გადაიქცევა ახალგაზრდების დაშინების იარაღად.

„ცოტა შეიძლება შეთქმულების თეორიასავით გამომდის, მაგრამ ამით ახალგაზრდების დაშინება უნდათ და პრინციპულად ებრძვიან კონკრეტულ პარტიებსა და ადამიანებს. „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმება, ჩემი აზრით, საპატრიარქოს მოთხოვნაც არის და მთავრობისაც. 12 წელია, ისინი ასე შეხმატკბილებულად უგებენ ერთმანეთს.

ფაქტია, რომ კანონის მიღებისთანავე, რაც ძალაში შედის, „ბიბლიურ თავისუფლებას“ შეეხება და ეს ცხადყოფს, რომ ბიბლიურ თავისუფლებას ებრძვიან. რეალურადაც უნდათ რაღაც გააკეთონ და არ ჩანს, მინიმალური ცვლილებები არ არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს თავდაცვისუნარიანი.

ადამიანების მოძიება შეუძლიათ არასავალდებულოდ. იძულებით ქვეყნის თავდაცვა არ გამიგია, ჩვენ ვნახეთ ხალხი, რომლებიც წყლის ჭავლს, გაზსა და რობოკობებს უვარდებოდნენ, ისინი იძულებით და სავალდებულოდ არავის გამოუყვანია, ისინი გამოვიდნენ საკუთარი ნებით. არ მესმის, როგორ შეიძლება ტყვიას შეუშვირო თავი, როცა ხარ სავალდებულოდ და არა ნებაყოლფობით“, — ამბობს თეიმურაზ გიორგაძე.

გიორგი ვაჩნაძეს  სამხედრო სავალდებულო სამსახური აღარ ეხება, თუმცა მხარს უჭერს მათ, ვინც თავდაცვის ახალ კოდექსს აპროტესტებს. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, მთავრობა ადამიანებს „მონობაში არ უნდა ყიდდეს“.

მისი თქმით, მთავრობას ბევრი ისეთი ცვლილება შემოაქვს, რომელიც თავადვე იცის, რომ სისულელეა.

„მაგალითად, ხომ წაიღეს უკვე უკან, რომ სტუდენტებსაც გაიწვევდნენ. რაღაც იბაქიბუქეს და მერე ისევ უკან წაიღეს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმის, რომ არ არიან მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში ისინი, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ და არ იქნება სახარბიელო მდგომარეობაში, ვინც ამას აღასრულებს“, – ამბობს გიორგი ვაჩნაძე.

მისი თქმით, ჯარი არ უნდა იგივდებოდეს „ვიშკაზე“ მდგომ და შლაგბაუმის გამღებ ადამიანთან და იმისათვის, რომ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაცია მოხდეს, სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს მთელი რიგი კამპანიებისა.

„ნებაყოფლობითობა არის იმის გარანტი, რომ ადამიანებმა, რომლებიც მართლა აცნობიერებენ იმ რისკებს და ხვდებიან, რა საფრთხეები ემუქრება ჩვენს ქვეყანას და მზად არიან თავი გადადონ ქვეყნისთვის, შეძლონ ამის გაკეთება“, — ამბობს გიორგი ვაჩნაძე.

გიორგი ვაჩნაძე

ამასთან, მისვე თქმით, მნიშვნელოვანია იმ კონტექსტის გათვალისწინება, რაც ქვეყანაში არსებობს. კერძოდ, ის, რომ ქვეყანიდან კადრები გაედინებიან.

„როგორ შეიძლება ამაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ, როდესაც კადრების დენადობა გვაქვს ქვეყანაში უმეტეს ასპექტში. ხომ არ შეიძლება, რომ ამ ქვეყნიდან ვიღაც ტიპები გარბოდნენ და ჩვენ ვლაპარაკობდეთ, რომ რეზერვი არ გვაქვს შევსებული და ვინც დარჩება, ის 5 კაცი გავტენოთ რეზერვში.

უბრალოდ, უშინაარსო ხდება ამ თემებზე კონტექსტის გაუთვალისწინებლად საუბარი. პოლიტიკოსებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ, რომ ეს კონტექსტი კარგად ახსნან – თუ არ არსებობს ხაზი, რაც ქვეყანაში დამტოვებს, სულ რომ რეზერვში ჩავტენოთ 500 18 წლის ბავშვი და აქედან 1 წლის შემდეგ 400 ქვეყნიდან წავა, მაინც არ იქნება რეზერვი შევსებული. ამიტომ მინიმუმ არაიმფორმირებული და უგუნური არის ის ხალხი, ვინც ვერ ხვდება ამ კონტექსტს“, — ამბობს გიორგი ვაჩნაძე.

რა იცვლება?

ახალი თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლიდან სავალდებულო სამსახურის გავლა წვევამდელებს  მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოუწევთ. ასევე შემცირდება 12-თვიანი ვადა და ცვლილებების შემდეგ სამხედრო სამსახურის დიფერენცირებული ვადები შემდეგნაიარად განისაზღვრება:

  • საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 6 თვე;
  • დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 8 თვე;
  • უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის – 11 თვე.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, მათი მიზანი თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლება და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაა.

კერძოდ, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებებით აღმოიფხვრება „საკანონმდებლო ხარვეზი“, რომელიც წვევამდელებს საშუალებას აძლევდა, „ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების“ მეშვეობით თავი აერიდებინათ სავალდებულო გაწვევისაგან.

შესაბამისად, ცვლილება, რომელიც კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალაში შევა,  რელიგიურ ორგანიზაციებს ეხება და გულისხმობს სასულიერო პირებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლების გაუქმებას და მათთვის ამ შესაძლებლობის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩანაცვლებას.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, „მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონა აღარ ჩაითვლება სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლად და არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს მოუწევთ სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, არასამხედრო ფორმით გავლა.

თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება(კონკორდატი) არსებობს.

გარდა ამისა, კოდექსის დამტკიცებისთანავე ძალაში შევა კიდევ ერთი ნორმა, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის რაოდენობა იცვლება — თუ მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებელი 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 ლარს და პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ 25 წლის ასაკამდე, პროექტის მიხედვით, გადავადების მოსაკრებელი იქნება ერთჯერადი და შეადგენს 10 000 ლარს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი