ახალი ამბები

2 წელში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა – თავდაცვის მინისტრი

18 დეკემბერი, 2023 • 1359
2 წელში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა – თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ორ წელიწადში თბილისის ცა სრულად იქნება დაცული. მისი თქმით, ბოლო წლებში მიღებული დახმარებები, ხელშეკრულებები და შესყიდვები, რაც სამინისტრომ ამა თუ იმ საერთაშორისო აქტორთან თანამშრომლობით მიიღო, უფრო და უფრო გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

“ორ წელიწადში, იმ შესყიდვების მიღების შედეგად, რაც ჩვენ გავაფორმეთ, ფაქტობრივად, სრულად გვექნება დაცული სამივე ეშელონი თბილისის ცა. მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები და ა.შ. ეს არასდროს არ ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ. ფაქტობრივად, ამისკენ გადადგმული ნაბიჯები ამის გარანტიაა”, – განაცხადა ბურჭულაძემ “იმედის” ეთერში.

მინისტრი განსაკუთრებით აღნიშნავს ევროკავშირის როლს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და იმ ათობით ათას მილიონ ევროს, რომელიც მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში მივიღეთ.

“გრძელვადიან განვითარებაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, თუ სად უნდა მივიდეთ 10 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ სამიზნეს გაცილებით გადავაჭარბეთ და დავდეთ ჩვენ ისეთი ხელშეკრულებები – ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების, ასევე, დახმარებებით, რომელიც აქამდე, პრინციპში, არ ყოფილა. თუნდაც  ევროკავშირის დახმარება, რომელიც პირველად 2021 წელს მივიღეთ ჩვენ, ეს პირველი პრეცედენტი იყო – დაახლოებით 13 მილიონი ევრო. 20 მილიონი მივიღეთ შემდეგ წელს, 30 [შემდეგ წელს] და ასეთი პროგრესით ვაგრძელებთ ჩვენ”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი