ახალი ამბები

“ერთობა ახლაა საჭირო” — ოპოზიციის აქცია ეროვნულ ბანკთან

20 სექტემბერი, 2023 •
“ერთობა ახლაა საჭირო” — ოპოზიციის აქცია ეროვნულ ბანკთან

თბილისის იუსტიციის სახლთან, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბანკი ფუნქციონირებს, ოპოზიციის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. შეკრება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ეროვნულმა ბანკმა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა.

აქციის ორგანიზატორია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლის სიტყვებითაც “ისტორიული არჩევანი უკვე საბოლოოდ ითელება ფეხქვეშ” და “მომავლის პერსპექტივა ამ მოღალატეობრივი ხელისუფლების პირობებში კვდება”.

მელიას სიტყვებით, მიუხედავად ოპოზიციურ ფლანგზე რიგ საკითხებთან დაკავშირებული არსებული აზრთა სხვადასხვაობისა და “მკვეთრი დაპირისპირებებისა”, დარწმუნებულია, რომ “ამ ფუნდამენტური საკითხის გარშემო ერთობა შედგება”.

“მე ჩემდაწილად ამ პროცესში ამ თვალსაზრისით აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. ერთობა ახლაა საჭირო. ერთობა არ ნიშნავს, რომ ერთი საარჩევნო სიით უნდა ვიასპარეზოთ მომავალ არჩევნებზე. ერთობა ნიშნავს, რომ ჯერ ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, სახელმწიფო უნდა გადავარჩინოთ განადგურებისგან”, — აღნიშნა მან და დაამატა:

“აქ პარტიული პოლიტიკა მეასეხარისხოვანია. მიუხედავად ძალიან ბევრ საკითხში ჩემი მკვეთრი განსხვავებულობისა პარტიაში, ეს არის საკითხი, სადაც მე ნამდვილად არ ვაპირებ, კიდევ უფრო მკვეთრი გავხადო განსხვავებები”.

მელიას მიერ ორგანიზებული აქცია, რომელსაც პარტია “ლელოც” შეუერთდა, ეროვნულ ბანკთან 17:00 საათზე დაიწყო. ბანკის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქცია “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმაც დაგეგმა, თუმცა სხვა დროს და სხვა ადგილას — პარლამენტთან 19:00 საათზე.

მელიას ხაბეიშვილთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, თუმცა პარტიაში ამ დრომდე რჩება. ჟურნალისტების კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ხაბეიშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს:

“მე არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას. ვინ რომელ საათზე, რა დროს, რის შემდეგ ჩანიშნა აქცია, ეს არის მეასეხარისხოვანი და არ მინდა ამ საკითხის სიღრმეებში შესვლა. ვიქნები იქ, სადაც მჯერა, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი წყდება”.

რა ხდება

20 სექტემბერს, დღის განმავლობაში, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა.

ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ წინ უძღოდა სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

სებ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოში მოქმედმა არაერთმა მსხვილმა ბანკმა განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ფარცხალაძის შესახებ

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი