ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ყარაბაღის მხარდასაჭერი და ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს

19 სექტემბერი, 2023 • 1016
ერევანში ყარაბაღის მხარდასაჭერი და ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს

ერევანში, მთავრობის სახლთან, ყარაბაღის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები მთავრობასაც აკრიტიკებენ და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისგან მოქმედებას ითხოვენ. მედიის ცნობით, მიტინგები ანტისამთავრობო ხასიათსაც ატარებს.

ტელეგრამ არხ „არმენია დეილის“ ცნობით, მომიტინგეები ხელისუფლებისგან ითხოვენ სწრაფ რეაგირებას, ყარაბაღის დახმარებას, „არცახის“ [ასე უწოდებენ ყარაბაღს სომხეთში] დამოუკიდებლობის აღიარებას და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე უარის თქმას.

„ახლა ადამიანებს აძევებენ მათივე მიწიდან, ხოლო სომხეთის ე.წ. ხელისუფლება მიიმალა, არ ჩანან, გეგონება, მათ ეს არ ეხებათ. ასე არ უნდა გაგრძელდეს. დრო ცოტაა. თითოეული [დაკარგული] საათი ნიშნავს სიკვდილს და აღუდგენელ დანაკარგებს“, – ამბობს აქციის მონაწილე კარენ ვტრანესიანი.


მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა დღეს, 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის “ანტიტერორისტულ ოპერაციას” ატარებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია, სომხეთი ჩაითრიოს საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა, მთიან ყარაბაღში არ იმყოფებიან სომხური დანაყოფები.


სტეპანაკერტში დე ფაქტო ოფიციალური სტრუქტურების განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან საჰაერო შეტევების შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა, მათ შორის არიან ბავშვები.


საერთაშორისო საზოგადოებაში ეხმაურებიან აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში „ანტი-ტერორისტული ოპერაციის“ გამოცხადებას და საბრძოლო მოქმედებების დაწყებას. ამ ეტაპზე განცხადებები გამოაქვეყნეს ევროკავშირის და ევროსტრუქტურების წარმომადგენლებმა.

„რუსეთმა მწვანე შუქი აუნთო ალიევს“ – საერთაშორისო გამოხმაურება ყარაბაღზე

მასალების გადაბეჭდვის წესი