ტელეკომპანია “რუსთავი 2” ოთარ ფარცხალაძის პირველ კომენტარს ავრცელებს მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დაუწესა როგორც “ქართველ – რუს ოლიგარქს”.
“რუსთავი 2-ის” ცნობით, “კურიერმა” ფარცხალაძესთან სტელეფონო კომუნიკაციის დამყარება შეძლო, რა დროსაც ფარცხალაძემ უარი თქვა ინტერვიუზე, თუმცა რუსთავი2-ს საკუთარი პოზიცია წერილობით გაუგზავნა.
ფარცხალაძე წერილში ემიჯნება საქართველოს ხელისუფლებას – აცხადებს, რომ 10 წელია სახელმწიფო ინსტიტუტებთან არავითარი კავშირი არ აქვს და მის მიმართ დაწესებული სანქციები “კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია” და “ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა”. დისკრედიტაციის კამპანიაში ის ადანაშაულებს ენმ-ს და მედიასაშუალებებს:
“ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს! მიუხედავად ამისა, ნაციონალურ მოძრაობასა და მის პროპაგანდისტულ მედიას ჩემ წინააღდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვეტია.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ცილისწამებისა და ჩემ მიმართ ტყუილების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამჯერ მაქვს მოგებული სასამართლო. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს ერთი წამით არ უთქვამთ უარი ჩემ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის შეწყვეტაზე, თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ იმ მოგონილი ბრალდებების დასადასტურებლად, რომელსაც ავრცელებდნენ.
სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება.
ყველამ, ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული, რასაც გამოქვეყნებული ტექსტით მისივე ავტორები ადასტურებენ”, – წერს ფარცხალაძე “რუსთავი 2 -ისთვის” გაგზავნილ წერილში.
ფარცხალაძე აცხადებს, რომ მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დაამტკიცოს მის წინააღმდეგ დაწესებული “სანქციების უსამართლობა”.
ფარცხალაძესთან დაკავშირება 15 სექტემბერს ნეტგაზეთმაც სცადა, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.
აშშ ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.
ფარცხალაძეს სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში.