ახალი ამბები

სახელმწიფო ვერ გასცემს პასუხს ყველა პირის ქმედებაზე — მინისტრი ფარცხალაძეზე

15 სექტემბერი, 2023 •
სახელმწიფო ვერ გასცემს პასუხს ყველა პირის ქმედებაზე — მინისტრი ფარცხალაძეზე

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველა მოქალაქის ქმედებებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. ასე უპასუხა მან აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე დასმულ კითხვას.

მინისტრის თქმით, საქართველო საერთაშორისოდ დაწესებულ სანქციებს ასრულებს და მომავალშიც ასე გააგრძელებს.

„რაც შეეხება სახელმწიფოსთან დაკავშირებას ნებისმიერი პირის, ვინც არის ან იქნება სანქცირებული, ბუნებრივია, ასეთი ტიპის დაკავშირება არის მხოლოდ სპეკულაცია. მსოფლიოში არცერთი სახელმწიფო არ არის და ვერ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი პირის ქმედებაზე. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, რომ თვითონ იმ ქვეყენებში, რომელთაც დაწესებული აქვთ სანქციები, თვითონ მათი ძალიან ბევრი მოქალაქეა სანქცირებული.

მაგალითად: ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის… შესაბამისად, ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ გასცემს პასუხს ყველა იმ პირის ქმედებაზე, რომელიც შეიძლება იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანქციების აღსრულება საქართველოში ხდება და სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით არ ხორციელდება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კითხვაზე, გაიყინება თუ არა საქართველოში ოთარ ფარცხალაძის უძრავ-მოძრავი ქონება, ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ ფარცხალაძის სანქცირებაზე უფრო მეტი დეტალია გასარკვევი და აღსრულების ნაწილიც სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.

„ბუნებრივია, საკუთარი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა ნებისმიერ პირს აქვს, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი ტიპის სანქცირება ხდება. უშუალოდ ის პირი ამ აქტივებს თავისი საჭიროებებისთვის იყენებს. გარკვეულწილად საერთაშორისო გადარიცხვების მიმართულებით ასეთი ტიპის შეზღუდვები მოქმედებს საფინანსო სექტორში. საფინანსრო სექტორი ერთიანი სისტემის ნაწილია და მიერთებულია და, შესაბამისად, საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ მათ მანდატში.

ბევრი დეტალია და ამიტომ დეტალებში არ შევალ ამ საკითხზე, მით უმეტეს, ჩვენ დამატებით უნდა მივიღოთ ინფორმაცია. ის ინფორმაცია, რაც გვაქვს მიღებული, არ არის გარკვეულ ნაწილში საკმარისი.  შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებით მუშაობენ და მას შემდეგ, რაც უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი, აღსრულების პროცესიც შესაბამისად გაგრძელდება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლეობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის და ამჟამად დევნილობაში მყოფი ლაშა თორდიას ცემის ფაქტიც.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი