ახალი ამბები

სებ-ი ფარცხალაძის სანქციებზე კითხვას ზოგადი წესის განმარტებით პასუხობს

18 სექტემბერი, 2023 • 1138
სებ-ი ფარცხალაძის სანქციებზე კითხვას ზოგადი წესის განმარტებით პასუხობს

საქართველოს ეროვნული ბანკი არ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ქართულ ბანკებში ანგარიში, რომელიც დაყადაღდა.

BMG-მ ეროვნულ ბანკს ჰკითხა, „შეაჩერებენ თუ არა ქართული ბანკები ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების, გადარიცხვების და ტრანზაქციების მომსახურებას, ისევე როგორც ეს სხვა სანქცირებული პირებისთვის ხდება“.

ეროვნულ ბანკი პასუხობს:

„როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვალიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი“.

ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას/მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პროცესს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ მიმართულებით“.

„ნეტგაზეთმა“ ეროვნულ ბანკს ჰკითხა, აქვს თუ არა ოთარ ფარცხალაძეს ქართულ ბანკებში ანგარიშები, რომელიც დაყადაღდა. ასევე, შეეზღუდა თუ არა ფინანსური ოპერაციის განხორციელება კონკრეტულად ფარცხალაძეს სანქციების დაწესების შემდეგ. უწყებისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი