თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების მიზეზებთან დაკავშირებით აშშ-მა უფრო მეტი ინფრომაცია უნდა წარმოადგინოს.
კალაძის თქმით, როცა საქართველოს მოქალაქეს სანქციებს უწესებს სტრატეგიული პარტნიორი, საზოგადოება მეტ კონკრეტიკას იმსახურებს.
„პირველ რიგში, ალბათ, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ, არის სანქცირებული და კონკრეტულ ბრალდებაზე იყო საუბარი, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა იყოს მათი მხრიდან წარმოდგენილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ [საქმის] შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი[…]
გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევა, როდესაც ვიზების შეზღუდვა მოხდა. თუმცა ახსნა-განმარტებიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როცა სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ჩვენთვის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.
აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.
ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.
ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.
ნასამართლეობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.
ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის და ამჟამად დევნილობაში მყოფი ლაშა თორდიას ცემის ფაქტიც.