ახალი ამბები

ლაშა თორდიას აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭეს

6 სექტემბერი, 2022 • 1312
ლაშა თორდიას აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭეს

აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ლაშა თორდიას აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭეს. ინფორმაციას ამის შესახებ თორდია თავად ავრცელებს.

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს.

თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო.

შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 22 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

წელიწად-ნახევრის შემდეგ, 2018 წლის 5 ნოემბერს, მთავარმა პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო და ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

თუმცა, 2021 წლის თებერვალში სასამართლომ ყოფილი გენერალური აუდიტორის ცემის საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გაამართლა, ჩხუბის დროს მის თანმხლებ პირს, მიხეილ ჩოხელს კი 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი