პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, უმრავლესობის მიერ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შევიწროებას ემსახურებოდეს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 5 სექტმბერს, განაცხადა.
„ეს ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ დროში გაწელილია, ამიტომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ[…]
პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის“, — განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა
პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.
თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.
- მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში ჩავიდა
- მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა
- შეძლებს თუ არა „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს
- „ოცნება“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს
- ვინ (არ) დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო ოპოზიციიდან