ახალი ამბები

თუ სააკაშვილს შეიწყალებს, ნიშნავს, რომ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები – კობახიძე ზურაბიშვილზე

5 სექტემბერი, 2023 •
თუ სააკაშვილს შეიწყალებს, ნიშნავს, რომ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები – კობახიძე ზურაბიშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ მომდევნო თვეებში სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს დაასატურებს, რომ მან ქვეყქნის ინტერესები პრეზიდენტის სკამზე გაცვალა.

კობახიძე ასე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ვერსიებს, რომლის მიხედვითაც, „ნაციოანალური მოძრაობა“ აპირებს პრეზიდენთან „ივაჭროს“. კერძოდ, იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირონ, თუ სანაცვლოდ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

„წარმოიდგინეთ, უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა თუ შეიწყალა სააკაშვილი, ეს ნიშნავს, იმას, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები. ამას თუ გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს საერთოდ საოცრება იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უმრავლესობას პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა არ აქვს. თუმცა მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურას მაინც იწყებენ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნოს.

როგორც კობახიძე ამბობს, პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებაში პირადადაა ჩართული.


„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი