პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია, რის გამოც მმართველი პარტიის გადაწყვეტილება იმპიჩმენტის ინიციირებაზე აბსოლუტურად, გამართლებულია. ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ღარიბაშვილის თქმით, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა მთავრობის უარი ვიზიტებზე, კონსტიტუცია კი ამბობს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს. მისი თქმით, პრეზიდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლება, თუ მას შესაბამის უფლებას მთავრობა მისცემს.
ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა საჯაროდ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს 12 რეკომენდაციას. ყველაზე მეტად შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ზურაბიშვილმა თქვა, საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
“მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება იმისათვის, რომ [პრეზიდენტისადმი] სანდოობა დაიკარგოს. გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის უფლებამოსილების დელეგირება. საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად, როცა ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი ხალხს კანონის დაცვის”, – თქვა ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პირველ სექტემბერს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ განაცხადა.
“ოცნებაში” ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა
პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.
თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.
- მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში ჩავიდა
- მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა
- შეძლებს თუ არა „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს
- „ოცნება“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს
- ვინ (არ) დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო ოპოზიციიდან