ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელთან შეხვედრას მართავს

1 სექტემბერი, 2023 • 1788
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელთან შეხვედრას მართავს

უცხოეთში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელთან მართავს შეხვედრას.

პრეზიდენტის თქმით, ევროპულ ქვეყნებში იგი გაემგზავრა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. შარლ მიშელთან შეხვედრამდე ზურაბიშვილი იმყოფებოდა ბერლინში, სადაც გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა შეხვედრა.

ზურაბიშვილის გამგზავრება არ იყო შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან. „ქართულ ოცნებაში“ ეს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნიეს და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადეს.


„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა. ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრებზე იგი გაემგზავრა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი