2011 წლის ოქტომბერში საქართველოდან თურქეთში Ilyushin Il 76-TD ტიპის თვითმფრინავი გაფრინდა. მან დანიშნულების ადგილს მიაღწია, თუმცა მასპინძელ აეროპორტში მომხდარი შეჯახების შედეგად ისე დაზიანდა, რომ უკან გამოფრენა ვეღარ შეძლო.
ამის შემდეგ იწყება 12-წლიანი უძრაობა, რომლის დროსაც თვითმფრინავი თავის ბედს ელოდა. მისი ისტორია მიმდინარე წელს დასრულდა — მას შემდეგ, რაც არავინ მიაკითხა შესაკეთებლად.
რა შეემთხვა თვითმფრინავს
Ilyushin Il 76-TD-ის ტიპის ხომალდმა თურქეთში, ვანის პროვინციაში, 2011 წლის ოქტომბერში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა.
მას ერზრუმის აეროპორტში დაშვებიდან მალევე შეეჯახა ყირგიზული თვითმფრინავი, რომელიც იმავე მიწისძვრით დაზარალებულთათვის განკუთვნილი მარაგით იყო დატვირთული. მიღებული დაზიანების გამო, საქართველოდან გაფრენილი Ilyushin Il 76-TD უკან ვეღარ დაბრუნდა.
მომდევნო წლების განმავლობაში ავიალაინერი აეროპორტის პარკინგზე იყო გაჩერებული. დაზიანებული ნაწილი არ აღუდგენიათ, პარკინგის საფასური კი დღითიდღე იზრდებოდა: თურქული მედია 2018 წლის ნოემბერში იუწყებოდა, რომ თანხა უკვე 1 100 000 ევროს უახლოვდებოდა.
“ქართულ მხარეს არ უცდია ხომალდის დაბრუნება ხანგრძლივი მიმართვის საპასუხოდ”, – წერდა გამოცემა Hurriyet.
მოხსნილი პასუხისმგებლობა
2011 წლისთვის თვითმფრინავი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბალანსზე ირიცხებოდა. თუმცა, როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ხომალდის დერეგისტრაცია, მესაკუთრე კომპანიის თხოვნით, 2012 წელს განხორციელდა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრიდან.
იმავე წელს, ავიაკომპანია Sky Georgia-ს, რომლის ექსპლუატაციაშიც ხომალდი შედიოდა, ფრენისათვის საჭირო სერტიფიკატი ჩამოერთვა, ვინაიდან გაკოტრდა და ბაზრიდან გავიდა.
“მას შემდეგ, რაც შეწყდა ექსპლუატაცია და მესაკუთრემ მოითხოვა დერეგისტრაცია, სააგენტო არ ახორციელებს თვითმფრინავის ზედამხედველობას”, – ამბობდნენ სააგენტოში.
თავის მხრივ, გაკოტრებული Sky Georgia-ს დირექტორი გიორგი კოდუა “ნეტგაზეთს” ეუბნებოდა, რომ თვითმფრინავი სხვა ოთხ ხომალდთან ერთად კომპანიას არენდით ჰქონდა აღებული ბელარუსული ავიაკომპანიისაგან და სწორედ მათი მეშვეობით იყო ჩართული ნატოს პროექტში, რომელიც ევროპიდან ავღანეთის ბაზებზე ტვირთების გადატანას გულისხმობდა.
Sky Georgia თურქეთის დასახმარებლად დაწყებულ ჰუმანიტარულ პროგრამაში “წითელი ჯვრის” თხოვნით ჩაერთო. კოდუას თქმით, ერზრუმის ავარიის შემდეგ ხომალდი იმდენად დაზიანდა, რომ ექსპლუატაციას აღარ დაექვემდებარა და Sky Georgia-მ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მასზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. მისი სიტყვებით, ინციდენტზე სასწრაფოდ აცნობეს როგორც მფლობელ კომპანიას, ისე სადაზღვევო კომპანიას.
გიორგი კოდუას თქმით, ამ ფონზე, გაკოტრებული კომპანია აღარანაირად აღარ იყო პასუხისმგებელი პარკინგის საფასურის გადახდაზე. ის პროცესში, ერთი მხრივ, ერზუმის აეროპორტის, მეორე მხრივ კი, იმ კომპანიის პასუხისმგებლობას ხედავდა, რომლის კუთვნილი ხომალდიც თვითმფრინავს შეეჯახა.
როგორ გადაწყდა თვითმფრინავის ბედი 12 წლის შემდეგ
როცა პატრონი არა და არ გამოუჩნდა, 2022 წლის ნოემბერში თურქეთის “სახელმწიფო აეროპორტების დირექტორატმა” თვითმფრინავი აუქციონზე გაიტანა. 28 ნოემბერს გამართულ აუქციონზე Ilyushin Il 76-TD-ის საორიენტაციო ფასი 400 000 ლირა იყო, თუმცა ის ვერ გაიყიდა.
ამის შემდეგ, 2023 წლის 22 თებერვალს, ხელახალი აუქციონი ჩატარდა. თურქული მედიის ცნობით, მეორე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და საბოლოოდ, მიტოვებული თვითმფრინავი 1.5 მილიონ ლირად[იმჟამინდელი კურსით 210 000 ლარად] გაიყიდა.
ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, თვითმფრინავს ერზრუმის აეროპორტიდან გაიტანდნენ.
გარეკანის ფოტო: AA